საიამ მინისტრთა კომიტეტს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ორ ჯგუფზე მოსაზრებები წარადგინა. კერძოდ:

იდენტობის ჯგუფის საქმეები: საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრსა (EHRAC) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან (WISG) ერთად კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების თაობაზე, რომელიც შეეხება  ლგბტ+ აქტივისტებისა და იეჰოვას მოწმეების მიმართ ფიზიკური პირებისგან მომდინარე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისგან არასათანადო დაცვას. კერძოდ, შეკრებებისა თუ მარშების მიმდინარეობისას, ფიზიკურმა პირებმა ლგბტ+ პირებსა და იეჰოვას მოწმეებზე სასტიკი თავდასხმები განახორციელეს, რასთან დაკავშირებითაც, სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, არ გამოკვეთა განხორციელებული ქმედების დისკრიმინაციული მოტივი. ამ ჯგუფის საქმეების აღსრულების თვალსაზრისით ისევ რჩება მთელი რიგი გამოწვევები. კომიტეტს, ასევე, ეცნობა 2021 წლის 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობის შესახებ. ხაზგასასმელია, რომ წინამდებარე ჯგუფის საქმეების აღსასრულებლად სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც მას მინისტრთა კომიტეტის წინაშე აქვს, კერძოდ, არ შეუქმნია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად სპეციალური დანაყოფი.

თხელიძის ჯგუფის საქმეები:  საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრი (EHRAC), საფარი და საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ერთად კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია იმ ღონისძიებების აღსრულების შესახებ, რომლებიც კრიტიკულად აუცილებელია ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად და სამართალდამცავი ორგანოების ქმედითობის გასაძლიერებლად. ამ კომუნიკაციაში ყურადღება გამახვილებულია, როგორც ინდივიდუალური, ისე, ზოგადი ღონისძიებების აღსრულებაზე, კერძოდ, 4 მიმართულებით: სამართალდამცავთა მიერ მსხვერპლის ჩვენების სათანადო/ზუსტი აღება;  სამართალდამცავთა მიერ რისკის შეფასებასთან დაკავშირებული გამოწვევები; ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურების ეფექტიანი გამოყენება, დაბოლოს, წარდგენილია სტატისტიკური მონაცემები ფემიციდის შემთხვევებზე საქართველოში.

აღნიშნული ჯგუფის საქმეებს მინისტრთა კომიტეტი 2022 წლის 6-8 დეკემბრის პერიოდში განიხილავს.

 

ამ საქმეების აღსრულების მონიტორინგს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge