საიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N11 ანგარიში წარადგინა

2023 წლის 21 თებერვალს საიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N11 ანგარიში წარადგინა. ანგარიში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. დოკუმენტის მიხედვით, სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა, რასაც ხელს უწყობს საბჭოს წევრების შერჩევის მოქმედი წესი. ამ წესის შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობაში, ფაქტობრივად, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან. საბჭოს წევრად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვის გაუქმების შედეგად, დიმიტრი გვრიტიშვილი კვლავ საბჭოს წევრის გახდა. მუდმივად შევსებულია, ე.წ. „თავმჯდომარეების კვოტა.“ კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრიდან 4 კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეა. კვლავ ვერ მოხდა 5 არამოსამართლე წევრის შერჩევა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე წევრთა სრული უპირატესობით, არამოსამართლე წევრების ჩართულობის გარეშე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კორპორატივიზმს საბჭოში.

პრობლემურია მოსამართლეთა დანიშვნა გადაყვანა/დაწინაურების საკითხიც - მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა და უკონკურსოდ გადაყვანა, მოსამართლეების მივლინების შეცვლილი წესი, „კლანისთვის“ მნიშვნელოვანი ბერკეტია გავლენის მოსაპოვებლად. „კლანი“ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს, რაც საშუალებას აძლევს მას თანამდებობებზე მისთვის მისაღები პირები დანიშნოს.

კლანის ძალაუფლების ერთ-ერთ ბერკეტს სასამართლოს თავმჯდომარეები წარმოადგენენ.  კლანის ყველა გავლენიან წევრს სასამართლო სისტემაში მუდმივად უჭირავს მნიშვნელოვანი თანამდებობა. ისინი ამ თანამდებობებს ერთმანეთს უცვლიან, რაც სხვა მოსამართლეებს მენეჯმენტში ჩართვის შესაძლებლობას არ აძლევენ.

კვლავ ჭიანურდება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები: საბჭოს 2022 წელს შეტანილი არცერთი საჩივარი არ განუხილავს, როცა დისციპლინური სამართალწარმოების მაქსიმალური ვადა 3 თვეს  არ უნდა აღემატებოდეს.

2022 წელს სხდომების ორგანიზება საგანგაშოდ გაუარესდა. სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის 3 სამუშაო დღით ადრე გამოქვეყნების ვადა არცერთ შემთხვევაში არ დაუცავს. მუდმივად იცვლებოდა სხდომის ჩატარების დღე და საათი. მაგ: ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით პერიოდში საბჭოს სხდომა 31-ჯერ ჩაინიშნა,  11-ჯერ სხდომა ჩატარდა, ხოლო 20-ჯერ გადაიდო.

ანგარიში მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებსაც, თუმცა, საია-ს აზრით, ამ რეკომენდაციების აღსრულებას მხოლოდ იმ პირობებში შეუძლია შედეგის მოტანა, თუ სისტემაში „კლანი“ ვეღარ გააკონტროლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

იხილეთ ანგარიში

 

ანგარიში მომზადებულია ნიდერლანდების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის

„Monitoring of the Judiciary” ფარგლებში. მასში გამოხატული მოსაზრებები შეიძლება არ

ემთხვეოდეს საელჩოს პოზიციას.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge