28 აპრილს 12:00 საათზე სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევა შეეხებოდა 2008-2010 წლებში საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით. კვლევის სახელწოდებაა „ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში - სასამართლო პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები“ და მასში ასახულია სასამართლო ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საჯარო დაწესებულებების, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები. განხილულ იქნა სასამართლო პრაქტიკა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით და სასამართლო გადაწყვეტილებებში ასახული ტენდენციები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დამსწრეთა შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელიც შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული სირთულეები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადის დაცვის საკითხი, მტკიცების ტვირთი ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო განხილვისას და სხვა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მიღწეული შედეგები, არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge