საიამ გაეროში ოთხი კოალიციური ანგარიში წარადგინა

 ‪საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გაეროს ოთხი კოალიციური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშები მოიცავს 2010 - 2014 წწ პერიოდს, რომელიც აერთიანებს შემდეგ თემებს:

1. სასამართლო, სამართალდამცავი და სასჯელაღსრულების სისტემები;
2. შრომითი უფლებები, კულტურული მემკვიდრეობა;
3. გამოხატვის, მედიის, ინფორმაციის თავისუფლება, პერსონალური მონაცემების დაცვა, შეკრების თავისუფლება;
4. ჯანდაცვა.
 
გაეროში ასევე გაიგზავნა კოალიციური ანგარიში საიას მონაწილეობით დისკრიმინირებულ და მოწყვლად ჯგუფთა უფლებების დაცვაზე საქართველოში. ანგარიშები წარდგენილ იქნა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მექანიზმის ფარგლებში. 
საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას აღნიშნული მექანიზმი მიმდინარე წლის ნოემბერში შეაფასებს, რომლის ფაგრლებშიც გაეროს წევრი სახელმწიფოები რეკომენდაციებით მიმართავენ საქართველოს მთავრობას.
პირველად აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში საიამ გაეროში ანგარიშები 2010 წელს წარადგინა.
 
სასამართლო, სამართალდამცავი და სასჯელაღსრულების სისტემები
 
ანგარიშში საუბარია სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი უფლებადარღვევის ფაქტების არაეფექტურ გამოძიების პრობლემაზე, როგორც 2012 წლამდე პერიოდში, ასევე მას შემდგომ. 
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების არაეფექტურ გამოძიებას; მიუხედავად იმისა, რომ  2012 წლამდე ციხეებში არასათანადო მოყრობა ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენდა, არ მომხდარა არაერთი ამგვარი საქმის ეფექტური გამოძიება, აგრეთვე არ არსებობს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა.
ანგარიში ასევე ყურადღებას ამახვილებს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებსა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტურ რეაგირებაზე.
ანგარიში საუბრობს ციხეებში არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, უვადო პატიმართა მდგომარეობაზე და სავარაუდო უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენების გადახედვის მექანიზმის არარსებობაზე. 
ხაზგასმულია ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის, ასევე სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის აუცილებლობა.
ანგარიშში ასევე საუბარია სასამართლო სისტემის ადმინისტრირების ფუნქციით აღჭურვილი ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გამოვლენილ ხარვეზებზე. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის და საქმეთა განაწილების წესის ცვლილების საჭიროებებზე.
ხაზგასმულია პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის აუცილებლობა.
 
შრომითი უფლებები
 
ანგარიშში ასახულია, რომ 2013 წელს საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, ქვეყანაში არსებული სტანდარტები შრომის უფლების დაცვის თვალსაზრისით არასაკმარისია. ანგარიშში ხაზგასმულია ფართო მანდატის მქონე, ეფექტური შრომის ინსპექციის მექნიზმის შექმნის აუცილებლობა.
 
ასევე ნათქვამია, რომ პოლიტიკური ცვლილებები ფართოდ აისახება საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომით უფლებებზე, რაც ხელს უშლის საჯარო სამსახურში სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვას. 
 
ანგარიშში ასევე საუბარია შრომით ურთიერთობებში არსებულ უთანასწორობისა და დისრკიმინაციის პრობლემაზე გენდერული (მათ შორის გენდერული იდენტობის) ნიშნით.
 
კულტურული მემკვიდრეობა
 
ანგარიშში საუბარია, რომ დღემდე არ მომხდარა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრში შეტანილი ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტების ხელახალი რეგისტრაცია. სამწუხაროდ, 2013 წელს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ „კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ეს ვადა კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე 2018 წლის 1 იანვრამდე გადაიწია.
სახელმწიფოს კვლავ არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი. პარალელურად, საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა სამართლებრივ აქტებში შეტანილმა ცვილებებმა კიდევ უფრო გაართულა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ხოლო საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და გადაწყვეტილებათა ის ჯაჭვი, რომელსაც 2013-2014 წლებში ადგილი ჰქონდა ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების მხრიდან კვლავაც ბევრ პასუხიგაუცემელ კითხვას ტოვებს.
 
გამოხატვის, მედიის, ინფორმაციის თავისუფლება
 
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ როგორც ხელისუფლების ცვლილებამდე, ასევე მას შემდეგ ჩადენილი დანაშაულებზე, რომელთა დიდი ნაწილი გამოუძიებელია; არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი მაუწყებლობის პოლიტიკური ზეგავლენისაგან დამოუკიდებლობა.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ჟურნალისტების ხელმისაწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე კანონით დადგენილი წესითა და ვადაში;     
 
შეკრებისა და მანისფესტაცის უფლება
 
ანგარიში ეხება იმ საკანონმდებლო ხარვეზებს, რომლებიც გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. ასევე საუბარია 2012 და 2013 წლების 17 მაისს ლგბტ თემის წევრების შეკრების თავისუფლების უფლების უხეში დარღვევის ფაქტებზე;  გამოძიების გაჭიანურებაზე 2007, 2009, 2011 წლებში შეკრების უფლების უხეში დარღვევის საქმეებზე.
 
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
 
ანგარიშში აღნიშნულია  ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვის აუცილებლობა, მათი შემდგომი სრულყოფის მიზნით, რადგან სრულად იქნეს აღმოფხვრილი სამართალდამცავთა შესაძლებლობა, კავშირგაბმულობის ოპერატორების მონაცემებსა და მოქალაქეთა შორის კომუნიკაციაზე ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა. ამასთანავე მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იქნეს სათანადო ბალანსი პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და ინფორმაციის/გამოხატვის თავისუფლებას შორის, ისევე როგორც გაგრძელდეს მუშაობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დახვეწისა და ინსპექტორის როლის კიდევ უფრო გაძლიერებისათვის.
 
ჯანდაცვა
 
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიში მიმოიხილავს იმ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც ეხება პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტთა უფლებებს, ლგბტ ადამიანთა ჯანმრთელობას, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებებს, ნარკოტიკების მომხმარებელთა, მათ შორის ქალთა, მიერ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას და სექსუალურ და რეპროდიქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს. 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge