საიამ ევროპულ სასამართლოში ნ.ჯ-ს სახელით საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ (EHRAC) თანამშრომლობით, 2015 წლის 22 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ნ. ჯ.-ს უკანონო დაკავების და აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გამო მიმართა. 

საქმის მასალების თანახმად, მომჩივანი, რომელიც იმ დროისათვის  საჯარო მოხელეს წარმოადგენდა, 2012 წლის ზაფხულში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 80 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 
 
მომჩივნის მიმართვის საფუძველზე, 2012 წლის ნოემბერში დაიწყო გამოძიება საპატრულო თანამშრომლების მიერ ნ.ჯ-ს უკანონოდ დაკავების ფაქტზე და მომჩივანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. გამოძიების ფარგლებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს  ნ.ჯ-ს უკანონოდ დაკავების ფაქტზე ბრალი წარედგინათ. მომჩივნის დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებებში აღიარეს, რომ ნ. ჯ.- სთვის თავისუფლების აღკვეთის კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა, ნ.ჯ-ს დაკავების მიზნით მათ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ყალბი ოქმები და რომ ისინი უფროსის უკანონო ბრძანებას ასრულებდნენ.  
 
2014 წელს პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული გამოძიება და ნ. ჯ.-ს დაკავებაში მონაწილე  პოლიციელების მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა საჯარო ინტერესის არარსებობის საფუძვლით შეწყვიტა.
 
საია დავობს, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამ არსებითად შელახა დაზარალებულის ინტერესი. პროკურატურის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მომხდარა საჯარო და პირის ინდივიდუალური ინტერესების ურთიერთდაპირისპირება და სათანადო შეფასება, მაშინ როდესაც სასწორის მეორე მხარეს ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება- თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება იდო.  ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ  სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შეწყვეტით არ დასჯილან არა მხოლოდ უკანონო ბრძანების შემსრულებლები, არამედ ასეთი ბრძანების გამცემიც, რომლის ვინაობაც პროკურატურისთვის ცნობილი იყო. ამ სახის დანაშაულისთვის დაუსჯელობა არათუ ვერ უზრუნველყოფს  მომავალში პოლიციელთა მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების პრევენციას, არამედ შესაძლოა წამახალისებელი ეფექტიც კი იქონიოს და ამით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს როგორც კონკრეტული პირების უფლებების ეფექტურ დაცვას, ასევე საჯარო ინტერესს.
 
გამოძიების შეწყვეტის შედეგად, მომჩივანს წაერთვა საშუალება იდავოს ახლადაღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე და მოითხოვოს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც ის ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, აღნიშნულით მას წაერთვა პირადი და პროფესიული რეპუტაციის აღდგენის შესაძლებლობა  და შესაბამისად უკანონო თავისუფლების აღკვეთისთვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
 
საია საჩივარში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წინაშე მომჩივნის მიმართ ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-18 (უფლების შეზღუდვათა არამიზნობრივი გამოყენება) მუხლების დარღვევას ასაბუთებს.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge