საიამ ე.წ „იდენტობის ჯგუფის საქმეებზე“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილობითი კომუნიკაციით მიმართა

2020 წლის 22 ივლისს საიამ ე.წ „იდენტობის ჯგუფის საქმეებზე“ საქართველოს ხელისუფლების მიერ ზოგადი ღონისძიებების სახით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა. 

მინისტრთა კომიტეტი 2007 წლიდან ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ 4 გადაწყვეტილებას (იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ, ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ), რომელიც ე.წ. იდენტობის ჯგუფში არის გაერთიანებული. იდენტობის საქმე სახელმწიფოს მიერ მშვიდობიანი ლგბტ+ აქტივისტების არასათანადო დაცვას კონტრ-დემონსტრანტების მხრიდან მომდინარე ძალადობისგან და ამ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების განუხორციელებლობას შეეხება. დანარჩენი სამი საქმე კი იეჰოვას მოწმეების მიმართ სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის, ექსტრემისტ მართლმადიდებელთა ჯგუფის, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ, რელიგიური ნიშნით განხორციელებულ ძალის გამოყენებასა და თავდასხმას და ამ ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების განუხორციელებლობას შეეხება.  მინისტრთა კომიტეტი ე.წ. იდენტობის ჯგუფის საქმეებს 2020 წლის 29 სექტემბრის - 1 ოქტომბრის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილავს.

დღევანდელი მდგომარეობით, ლგბტ+ თემი და იეჰოვას მოწმეები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. შესაბამისად, წარდგენილ კომუნიკაციაში, საიამ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე, რომელშიც აღნიშნული ჯგუფები იმყოფებიან, იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ლგბტ+ თემის და იეჰოვას მოწმეთა მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობა და დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთა. მიუხედავად მინისტრთა კომიტეტის და რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის რეკომენდაციისა, დღემდე არ შექმნილა შსს-ში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად სპეციალური დანაყოფი. ასევე, პრობლემურია ლგბტ+ თემის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზების საკითხიც. დღემდე არ არსებობს სტატისტიკის ერთიანი მექანიზმი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებს შესაძლებლობას მისცემდა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებთან დაკავშირებული სრული სურათი დაენახა. დამატებით, პრობლემას წარმოადგენს ცნობიერების ამაღლების კამპანიების ნაკლებობა მოსახლეობაში, რომელიც ლგბტ+ თემისა და იეჰოვას მოწმეთა მიმართ არსებული დისკრიმინაციული განწყობებისა და სტიგმების შემცირებისკენ იქნება მიმართული. 

საიამ წარდგენილ დოკუმენტში მინისტრთა კომიტეტს ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან დაკავშირებით დეტალური ანალიზი წარუდგინა შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად, რომელთა გატარებაც სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანია იდენტობის ჯგუფის საქმეების ჯეროვნად და ეფექტიანად აღსასრულებლად. აღნიშნული უზრუნველყოფს როგორც უშუალოდ დაზარალებულების დარღვეული უფლებებისა და სამართლიანობის აღდგენას, ასევე, ზოგადად, საქართველოში მცხოვრები ლგბტ+ თემისა და იეჰოვას მოწმეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. 

საიას მიერ წარდგენილი წერილობითი მოსაზრებების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე იხილეთ თანდართულ ფაილში. 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge