საიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის“ შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა
2014 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა კვლევის პრეზენტაცია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის“ შესახებ.
წარმოდგენილ კვლევაში გაანალიზებულია რამდენად ეფექტური იყო და არის სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების მიმართულებით. ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გატარება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებას.
მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების მიმართულებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
კვლევაში იდენტიფიცირებული პრობლემების მოსაგვარებლად, საია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს:
პრივატიზაციის მიმართულებით:
• უზრუნველყოფილი იყოს პრივატიზაციას დაქვემდებარებულ ობიექტებში მცხოვრები დევნილების დროული ინფორმირება პრივატიზაციის პროცესის, მისი შედეგების და სხვა ალტერნატივების შესახებ;
• გაძლიერდეს პრივატიზაციის პროცესში ჩართული უწყებების კოორდინირებული მუშაობა, რათა დაჩქარდეს პრივატიზაციის პროცესი;
• შეიქმნას კომისია, რომლის ფარგლებში მოხდება პრივატიზაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების გაანალიზება და დადგინდება, პრივატიზაციის შედეგად რამდენმა დევნილმა ოჯახმა მიიღო საკუთრებაში სათანადო საცხოვრებლის სტანდარტებთან შეუსაბამო ბინა; შემუშავდება წინადადებები, მომავალში რა მექანიზმების გამოყენებით იქნება შესაძლებელი არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.
საცხოვრებლით დაკმაყოფილების წესთან დაკავშირებით:
• არსებული გამოცდილების გაანალიზების საფუძველზე, გადაიხედოს კრიტერიუმების შინაარსი და ქულათა სისტემა;
• სამინისტრომ შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები _ წერილობითი გადაწყვეტილებების ადრესატ დევნილებთან გაგზავნისდა გასაჩივრების მექანიზმების განმარტებასთან დაკავშირებით;
• დაზუსტდეს იმ დევნილი ოჯახების რიცხვი, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი ფართი. შემუშავდეს გეგმა, მომავალში რა ტიპის ღონისძიებები შეიძლება შესთავაზოს მათ სახელმწიფომ;
• სამინისტრომ წარმოადგინოს წინადადებები, რეგისტრაციის პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რა ალტერნატიული განსახლების ღონისძიებების შეთავაზებაა შესაძლებელი დევნილთათვის.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge