21 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიში პრეზენტაცია მოაწყო.
2008 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენციის შედეგად საქართველოს სახელმწიფომ 4,55 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო. თანხის ერთ-ერთი მსხვილი ნაწილი - 74,5 მილიონი ევრო დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციას მოხმარდა. ამავე მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ პერიოდულად ხდებოდა თანხის გამოყოფა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის. საიას მიერ განხორციელებული მონიტორინგი საზოგადოებას წარუდგენს იმის ზოგად სურათს, თუ როგორ, რა პრინციპებით, რა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით ხდებოდა ჯამში გამოყოფილი 303 879 150 ლარის განკარგვა.
დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა ძირითადად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდა. მოცემულ პროცესში პრობლემად უნდა შეფასდეს გამოყოფილ თანხებზე მეტი ოდენობით ხარჯების გაწევა მუნიციპალიტეტების მიერ, რომელთა დამადასტურებელი საბუთები სრულყოფილად არ იქნა მოწოდებული. რიგ შემთხვევებში, შეუსაბამოაAხელშეკრულებებზე თანდართული დეფექტური აქტები და ხარჯთაღრიცხვები. პრაქტიკულად შეუძლებელია დაზიანებული (კერძო) სახლების სარებილიტაციოდ გაწეული ხარჯების გადამოწმება, რადგან შეუძლებელია გაწეული სამუშაოს იდენტიფიცირება რაიმე ნიშნით (მისამართით ან სუბიექტით). საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ კონტრაქტორებთან გაფორმებული არც ერთი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს გარანტირების მექანიზმის გამოყენებას, თუმცა წინასწარ ირიცხებოდა საკმაოდ სოლიდური თანხები ავანსის სახით. ხშირ შემთხვევებში, არ სრულდებოდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორებისათვის დადგენილი ერთ წლიანი გარანტიებიც.
სამშენებლო სამუშაოების უფრო მცირე ნაწილის შესყიდვა ტენდერების მეშვეობით განხორციელდა. 85 სახელმწიფო შესყიდვის პოზიციიდან თითქმის ნახევარ - 34 პოზიციაზე უპირატესობა მოიპოვა 2 კომპანიამ: შპს “ბლოკ-ჯორჯიამ” და შპს “ნიუ ენერჯიმ”. ამავე კომპანიებსა და მათ მიერ ათვისებულ ფინანსურ მოცულობაზე (37 400 000 ლარზე) მოდის ტენდერების გზით განკარგული სახელმწიფო ფინანსური ასიგნების თითქმის ნახევარი. საგულისხმოა, რომ აღნიშნული კომპანიები იმავდროულად პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გულუხვი შემომწირველები არიან. კერძოდ, 2007 და 2008 წლებში შპს “ბლოკ-ჯორჯიამ” კანონით დაშვებული ფინანსური შემოწირულობის მაქსიმალური ოდენობა - 100 000 ლარი გადაურიცხა მითითებულ პარტიას. შემოწირულობის ოდენობამ 2 წლის ჯამში 200 000 ლარი შეადგინა. შპს “ნიუ-ენერჯის” მიერ ამავე წლებში გადარიცხული თანხის ჯამი ასევე სოლიდურად გამოიყურება და 130 000 ლარს შეადგენს.
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა საინტერესო ტენდენციებიც. პრეტენდენტები მოტივირებულნი იყვნენ არარეალურად დაბალი ფასები წარედგინათ უპირატესობის მიღების მიზნით. მოგვიანებით, ყველა კონტრაქტში ხდებოდა დაახლოებით 2-დან 4-მდე ცვლილების შეტანა, რომლითაც იზრდებოდა ხელშეკრულების ღირებულება. ფინანსური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ჯამში სატენდერო წინადადებით დადგენილი ღირებულება დაახლოებით 27%-ით გაიზარდა. ასეთი ზრდა ფისკალურად გაუმართლებელია და ნათლად მეტყველებს სახელმწიფო შესყიდვის რიგ უარყოფით ასპექტებზე. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვები უხარისხოდ და ზერელედ იქნა მომზადებული. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია იყო ხარვეზიანი და არასრულყოფილი. მოგვიანებით, მაღალი მოცულობით ხელშეკრულებების ღირებულებების გაზრდამ თითქმის სრულიად გამორიცხა და უგულებელყო ფისკალური თვალსაზრისით ტენდერის შეჯიბრითობის შინაარსი და პრინციპები.
განხორციელებული კვლევა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, დავასკვნათ, რომ მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები იქნა განხორციელებული, მაგრამ აღნიშნულ პროცესში ადგილი ჰქონდა მთელი რიგი საკანომდებლო მოთხოვნების დარღვევასა და სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას. არსებულმა ხარვეზებმა საბოლოო ჯამში შესრულებული სამუშაოების დაბალი ხარისხი გამოიწვია, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შესრულებული სამუშაოების ეფექტურობას და გაწეული ხარჯების მიზნობრიობას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge