საიამ და მწვანე ალტერნატივამ ცაგერსა და ონში მიმდინარე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გამართეს

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და მწვანე ალტერნატივამ ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მიმდინარე დიდი ჰესების პროექტებთან  დაკავშირებული კვლევის პრეზენტაცია გამართეს.

კვლევა მოიცავს მდინარე რიონზე ონის ჰესების კასკადისა და ნამახვანის ჰესების კასკადის  მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტებს, მათთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებს  - სამართლებრივი, გარემოს დაცვის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნამახვანისა და ონის ჰესების კასკადის პროექტებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სახეზეა არაერთი პროცედურული შეუსაბამობა და შინაარსობრივი პრობლემა. სახელმწიფოს მიერ წარმართული გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემის პროცედურა არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამება (განსაკუთრებით, საზოგადოების მონაწილეობის თვალსაზრისით), არამედ, შეუსაბამობაშია საერთაშორისო ვალდებულებებთანაც. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების მომზადების პროცესი, შინაარსი და მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებებს.

საიას და მწვანე ალტერნატივას რეკომენდაციით, აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ შეცვალოს ჰესების პროექტების განვითარების არსებული პოლიტიკა და ზედმიწევნით შეასრულოს როგორც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნები, ისე − საერთაშორისო ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება წარმატებული ენერგეტიკული პროექტების განხორციელება, ხოლო წინააღმდეგობა ერთის მხრივ, მთავრობასა და საქმიანობების ინიციატორებთან, ხოლო მხრივ, ადგილობრივ მოსახლეობასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის, უფრო გაძლიერდება, გაგრძელდება ბუნებრივი და სოციალური გარემოს დეგრადაცია, რაც საბოლოო ჯამში ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებასთან და ეკონომიკურ პრობლემებთან მიგვიყვანს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge