საიამ - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების ერთ ლარად გასხვისების მონიტორინგის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა

მიმდინარე წლის 30 აპრილს, ბათუმში საიამ - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების ერთ ლარად გასხვისების მონიტორინგის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა.

 
საიას მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების ერთ ლარად გასხვისების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების ნაწილი, მოკლებულია სათანადო ეფექტური კონტროლის მექანიზმების არსებობას; 
ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების პირობების ხშირ ცვალებადობას. უმრავლესი ხელშეკრულების შემთხვევაში, მყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ იცვლებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ისეთი ნაწილები, როგორიცაა ხელშეკრულების შესრულების ვადები და პირგასამტეხლოს ოდენობა. ზოგიერთ შემთხვევაში კი მყიდველის ადგილს იკავებდა სხვა კომპანია;
ხელშეკრულებათა ერთი ნაწილის შემთხვევაში გამოვლინდა სახელშეკრულებო პირობების ბუნდოვანების შემთხვევები. კერძოდ, რიგ ხელშეკრულებებში არაფერია აღნიშნული ქონების შემძენის მხრიდან განსახორციელებელი საინვესტიციო ვალდებულების თანხის მოცულობაზე შესახებ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების ერთ ლარად გასხვისების დროს, არ ხდებოდა ქონების შემძენი პირების ფინანსური მდგომარეობის სათანადო შესწავლა. როგორც კვლევის დროს გახდა ცნობილი კომპანიების ნაწილი, რომელთაც გადაეცათ უძრავი ქონებები შექმნილი იყო ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე.
 
მონიტორინგზე მუშაობის დროს მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით 2005 – 2013 წლებში ერთ ლარად გასხვისებული 36 ქონებიდან, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საინვესტიციო  ვალდებულებები მხოლოდ ექვს შემთხვევაში იქნა შესრულებული. ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო 13 მყიდველთან შეწყდა ნასყიდობის ხელშეკრულება. დარჩენილ - 17 მყიდველთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადები კი გაგრძელებულ იქნა.
 
საია მიიჩნევს, რომ ქონების განკარგვის დროს განსაკუთრებულ ყურადღება უნდა მიექცეს მყიდველის ფინანსურ მდგომარეობას და მის გამოცდილებას კონკრეტულ სფეროში. აუცილებელია, რომ მეტი სიცხადე იყოს შეტანილი ხელშეკრულებების იმ ნაწილში, რომელიც  მყიდველის მხრიდან აღებულ საინვესტიციო ვალდებულებებს ეხება. 
ამასთან, სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიმდინარეობაზე სათანადო კონტროლის ეფექტური მექანიზმების შემოღებას და ხელშეკრულებებში ასახვას. 
 
მონიტორინგი განხორციელდა საიას აჭარის ფილიალის მიერ, კოალიციურ პროექტს - „ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა“, რომელიც დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ (OSGF ) მიერ.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge