საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC)” თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „არა პანორამას“ აქციის 10 მონაწილის სახელით მიმართა.
2015 წლის 19 ივლისს, თბილისის საკრებულოს წინ, „თბილისი პანორამას“ პროექტის გაპროტესტების მიზნით აქცია გაიმართა. აქციის რამდენიმე მონაწილეს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით „პანორამა არა ყ**“, რის გამოც სამართალდამცავებმა აქციის 10 მონაწილე დააკავეს. დაკავებულებიდან 6 მამრობითი სქესის წარმომადგენელი მოათავსეს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მათ დაახლოებით 20 საათი გაატარეს. მდედრობითი სქესის 4 წარმომადგენელს კი შსს-ს ეზოში პოლიციის მანქანაში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში შეეზღუდათ თავისუფლება. მომჩივნებს დაკავების საფუძველი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ განემარტათ.
სამართალდარღვევათა ოქმების თანახმად, დაკავებულებს ხელში ეჭირათ პლაკატები უხამსი წარწერით, რომელსაც ისინი ხმამაღლა სკანდირებდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენს. ასევე, ოქმების მიხედვით, ორი დაკავებული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას.
ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებით, 7 მომჩივანი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისთვის - პლაკატის ხელში ჭერის გამო, რომელზეც „უხამსი“ სიტყვა ეწერა. თითოეული მათგანი დაჯარიმდა 100 ლარით. სასამართლოს მიერ არ დადასტურდა მომჩივანთა მხრიდან სხვა ქმედებების ჩადენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა ემსახურება საჯარო მორალის და კონკრეტული პირის პატივისა და ღირსების დაცვას. თუმცა სასამართლომ არ მიუთითა კონკრეტული პირის ვინაობა. დანარჩენ, 3 მომჩივანთან მიმართებით სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტი არ დადგინდა.
საია-მ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრების უფლება) და მე-18 (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლების საფუძველზე მიმართა.
შეგახსენებთ, რომ საია-მ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აქციის მონაწილეების გამოხატვის და შეკრების უფლების შეზღუდვა და მათი თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ გააპროტესტა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge