საიამ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდოდ კანონის დარღვევით მონაწილეობის ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა.

მიმდინარე წლის 9 ივნისს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუს“-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თევდორე კობახიძის ინიციატივით, „ვაკის სკოლების პედაგოგებს უფასო დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდებათ.“[1] აღნიშნული ფაქტის დეტალურად შესწავლის მიზნით,  განცხადებით მივმართეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს[2] და გამოვითხოვეთ ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების ინიციატივისა და ბიუჯეტის შესახებ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპასუხო წერილის თანახმად,[3] ვაკის რაიონის სკოლების პედაგოგებისთვის უფასო დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის საბიუჯეტო სახსრების გამოყენებით არ განხორციელებულა. აღნიშნული აქციის ორგანიზატორი არის ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“,[4] რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ინფორმაციით, გეგმავს სხვადასხვა აქციის ჩატარებას დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში.

მოგვიანებით, მიმდინარე წლის 30 ივნისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „რიმა ბერაძის ინიციატივით, საჯარო სკოლების 200-მდე პედაგოგს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა“.[5] აღნიშნული ინფორმაცია ქალაქ თბილისის მინუციპალიტეტის საკრებულოს ვებ. გვერდსა[6] და ფეისბუკ გვერდზეც[7] განთავსდა. ასევე, გაშუქდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.[8] აქციაში სკოლების 200-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, რამინა ბერაძემ განაცხადა, „პედაგოგების სამედიცინო დახმარება სხვადასხვა მიმართულებებით განხორციელდება და გამოკვლევებს 22 სპეციალობის პროფესიონალი ექიმი ჩაატარებს. აქცია მომავლშიც გაგრძელდება და მასში ბაგა-ბაღების პედაგოგებიც ჩაერთვებიან.“ ამ უკანასკნელ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 ივლისს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ შესაბამის უწყებებს მიმართა[9] რაზეც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო.[10]

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით საქონლის ან მომსახურების მიყიდვა ან მიწოდება, საბაზრო ფასზე მეტ ფასად საქონლის ან მომსახურების შესყიდვა, უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების (გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება, ან საქართველოს მოქალაქის დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა ან მომსახურების (მათ შორის, ფიქციური შრომითი ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების) მიწოდებით ან დაპირებით. ამ ქმედების განხორციელება ასევე ეკრძალება ნებისმიერ პირს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.[11] აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა, აგრეთვე საარჩევნო მიზნით ფიზიკური პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უკანონო საჩუქრის, შემოსავლის, მომსახურების მიღება, თუ ქონების (მომსახურების) ან გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს, გამოიწვევს პარტიის, პარტიის წარმომადგენლის, იურიდიული პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების (მომსახურების) ან შესაბამისი გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით.[12] იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევის ან გარიგების ღირებულება 100 ლარს აღემატება, გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.[13]

მიმდინარე წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 3 ივნისის №03/06/02 და №03/06/03 განკარგულებები, რომელთა საფუძველზეც, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, სხვა მატერიალურ და არამატერიალურ სიკეთეთა გადაცემა ან დაპირება, ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.[14]

ასევე, აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს.[15] ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილიდან ირკვევა, რომ ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს“ არაერთი საქველმოქმედო საქმიანობა განუხორციელებია  და  დღემდე ახორციელებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების სწრაფი, ეფექტური და სრულყოფილი შესწავლის, შესაძლო კანონდარღვევებზე შესაბამისი რეაგირებისა და მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, მოვუწოდებთ:

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას: სწრაფად, ეფექტურად და სრულყოფილად შეისწავლონ განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება;

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს: მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მუნიციპალიტეტის, როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მანდატის ფარგლებში საკუთარ საქმიანობას;

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს: თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებების განხორციელებისაგან, რომლებიც ეჭვის ქვეშ დააყენებს მათი მოქმედებების კანონთან შესაბამისობას, რაც თავის მხრივ, უარყოფით გავლენას მოახდენს მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოზე.

 


[1] http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/383596-thedo-kobakhidzis-iniciativith-vakis-skolebis-pedagogebs-ufaso-diagnostikuri-kvlevebi-chautardebath.html?ar=A

[2] დანართი №2

[3] დანართი №3- 2016 წლის 14 ივნისის კორესპონდენცია №07/10536

[4] https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get_output_by_id&scandoc_id=542140&app_id=619384

[5] http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/386481-rima-beradzis-iniciativith-sajaro-skolebis-200-mde-pedagogs-ufaso-samedicino-gamokvleva-chautarda.html?ar=A

[6] http://www.tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=2198

[7] https://www.facebook.com/sakrebulo.ge/photos/?tab=album&album_id=520187354840313

[8] https://www.youtube.com/watch?v=H3AiU-JxnAc&feature=youtu.be

[9] http://www.isfed.ge/main/1076/geo/

[10] http://www.interpressnews.ge/ge/politika/387201-sakhelmtsifo-auditis-samsakhuri-ocnebis-mier-amomrchevlis-savaraudo-mosyidvis-faqtthan-dakavshirebith-rima-beradzes-gamokithkhvaze-ibarebs.html

[11] „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 252 მუხლი

[12] „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-6 პუნქტი

[13] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლი

[14] საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 47-ე მუხლი

[15] საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის ზ) ქვეპუნქტი


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge