საიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით ფორუმი “მართლმსაჯულება 1984 წლის კოდექსით” გამართა

2023 წლის 21 ივნისს, საიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით ფორუმი “მართლმსაჯულება 1984 წლის კოდექსით” გამართა. ფორუმის მიზანია, საიამ დამსწრე პირებს გაუზიაროს ამ მიმართულებით კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზები და მოისმინოს შესაბამისი უწყებების მოსაზრებები იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც მათი პერსპექტივიდან არსებობს. ფორუმის ფარგლებში საიამ „მართლმსაჯულება 1984 წლის კოდექსით“ პროექტის შედეგებიც შეაჯამა.

საქართველოში დღემდე მოქმედებს 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოშობს. საია წლებია მუშაობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თემაზე და შესაბამისად, აწარმოებს ამ საქმეებს არამხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის განუხორციელებელი მცდელობების პარალელურად, არსებული კანონმდებლობის მოქმედება ყოველდღიურად იწვევს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას:

კოდექსი ცალკეული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ითვალისწინებს მძიმე სახდელებს, მათ შორის, ადმინისტრაციულ პატიმრობას, თუმცა აწესებს გაცილებით ნაკლებ პროცედურულ გარანტიებს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირთან შედარებით;

ბრალმდებლის მხარის არარსებობა სისხლისსამართლებრივი ბუნების სამართალდარღვევების განხილვისას ლახავს სასამართლოს მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის პრინციპს, რადგან, რეალურად, მოსამართლე ითავსებს ბრალმდებლის ფუნქციას;

კოდექსი არ ითვალისწინებს უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნებს;

არსებული კანონმდებლობა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ავალდებულებს, წარადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მას არ ჩაუდენია;

სამართალდარღვევის საქმის განმხილველი მოსამართლე არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას. დაკავების კანონიერების თაობაზე დავის არსებული მექანიზმი არაეფექტიანი და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა;

საქმის განმხილველი მოსამართლე არ ამოწმებს პოლიციელის მოთხოვნის კანონიერების საკითხს. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  პროექტს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ხელშეწყობა" USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭრით ახორციელებს.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge