საიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-2 შუალედური ანგარიში მოამზადა

წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული ოფისის მეშვეობით თითქმის მთელს საქართველოში აკვირდება. წარმოგიდგენთ მისიის მიერ მომზადებულ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მე-2 შუალედური ანგარიშს, რომელიც ფარავს 3 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.

ანგარიშში ყურადღება შემდეგ პრობლემებზე მახვილდება:

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიები ახლებური წესებით, პირველ ჯერზე მაღალი კვორუმის პრინციპით დაკომპლექტდა. საოლქო კომისიის დროებითი წევრების ნახევარი ხელისუფლებასა ოპოზიციას შორის შეთანხმების საფუძველზე დაინიშნა. მართალია, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრის პროცესებში, პრაქტიკა ადასტურებს, რომ კონსესუსზე ორიენტირებული მიდგომით გადაწვეტილებების მიღება შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესში, ოლქის და უბნის დონეზე, კანდიდატთა შერჩევა უაღრესად მოკლე ვადებში მიმდინარეობდა, რამაც ხელი შეუშალა პროცესების სათანადოდ წარმართვას. საიას შეფასებით, პროცესის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია, გადაიხედოს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ვადები.

საიამ აღირცხა როგორც „ქართული ოცნების“, ისე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვის, აგიტაციაში უკანონო მონაწილეობისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. ამასთან, გამოწვევად რჩება ხელისუფლების პროექტების პერსონოფიცირება და პარტიასთან აფილირება, რაც შლის ზღვარს სახელმწიფოს და პარტიას შორის.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინასაარჩევნო გარემო უფრო დაძაბული გახდა. ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა რამდენიმე თავდასხმის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი. იყო ზეწოლისა და მუქარის სავარაუდო შემთხვევებიც. ეს საქმეები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს ფაქტები სრულად გამოიძიოს, პროცესი ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართონ.

აღსანიშნავია საარჩევნო სუბიექტებობის კანდიდატების ბანერებისა და პლაკატების დაზიანების შემთხვევებიც, რომლის მსხვერპლი ბევრჯერ გახდა როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია. 

საანგარიშო პერიოდიდან დოკუმენტში შევიდა საჯარო დაწესებულებებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ორი შემთხვევა.

საია აგრძელებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას სანდო და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევების მიწოდების გზით.    

იხილეთ ანგარიში     

 

ანგარიში მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემის შინაარსზე პასუხისმგებელია საია და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge