საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წლის 13-14 ივნისს, ქ. თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში დაღუპული დავით გაბიტაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
დავით გაბიტაშვილი 2015 წლის 13 ივნისს, ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც იგი სტიქიის შედეგად გარდაიცვალა. საჩივარში ხაზგასმულია, რომ სტიქიის დროს სახელმწიფომ გამოიჩინა დაუდევრობა, ერთი მხრივ, ვერ დაიცვა მოსახლეობა სტიქიური უბედურებისგან, როგორც რისკების წინასწარი მონიტორინგით, ისე - საზოგადოების დროული გაფრთხილებით, და, მეორე მხრივ, არ ჩაატარა სათანადო ღონისძიებები სტიქიის დამანგრეველი შედეგების შესამცირებლად, რაც საგანგებო სიტუაციის არასათანადოდ მართვაში გამოიხატა.
მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებს საქართველოს კანონმდებლობით ევალებოდათ ეფექტიანი და დროული ნაბიჯების გადადგმა, მათი მხრიდან ვალდებულებების უგულვებელყოფამ და კოორდინაციის არარსებობამ დავით გაბიტაშვილის გარდაცვალება გამოიწვია.
საია გარდაცვლილი დავით გაბიტაშვილის ოჯახის ინტერესებს ეროვნული სასამართლოების წინაშე 9 წლის განმავლობაში იცავდა. ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, დავით გაბიტაშვილის გარდაცვალების მიზეზად მხოლოდ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გზების არგადაკეტვა დასახელდა, რაც საკითხის არასრულყოფილ და არასათანადო შესწავლას წარმოადგენს. ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ შეაფასეს ყველა იმ უწყების უმოქმედობა, რომელთა ვალდებულებასაც წარმოადგენს სტიქიის შედეგების პრევენცია და მასზე სათანადო რეაგირება. ამდენად, მხოლოდ ხსენებულ უწყებას დაეკისრა ოჯახისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 13 ივნისის განვითარებული მოვლენებიდან 9 წლის შემდეგ, გამოძიებას რაიმე კონკრეტული შედეგისთვის დღემდე არ მიუღწევია, რაც მის არაეფექტიანობას უსვამს ხაზს. აქვე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საგამოძიებო ორგანოებმა და ადგილობრივმა სასამართლოებმა ერთობლივად შექმნეს ხელოვნური საპროცესო ბარიერები, რათა გამორიცხულიყო მსხვერპლთა ოჯახის წევრების სისხლის სამართლის პროცესში ჯეროვანი მონაწილეობა. გარდაცვლილი დავით გაბიტაშვილის ოჯახის წევრებს დღემდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ვერ მიიღეს ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შესახებ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან ეროვნულ დონეზე არასათანადოდ შეფასდა 2015 წლის 13-14 ივნისის მოვლენები და არ დადგინდა ყველა უწყების (მათ შორის, გარემოს ეროვნული სააგენტოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის) პასუხისმგებლობა, ხოლო გამოძიება დღემდე არაეფექტიანად მიმდინარეობს, საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) მუხლის დარღვევის დადგენის მოთხოვნით მიმართა.
ეს შემთხვევა წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, თუ როგორი დაუცველები რჩებიან ადამიანები სტიქიური მოვლენების პირისპირ, რასაც სახელმწიფოს მხრიდან გააზრებული, სისტემური ღონისძიებებისა და რეფორმების გაუტარებლობა განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 13 ივნისიდან დღემდე ქვეყანას არ გააჩნია სათანადო მექანიზმები სტიქიასთან საბრძოლველად, რისი ნათელი დადასტურებაც 2023 წლის ზაფხულში რაჭასა და გურიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებია.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge