საია ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების ფაქტზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას ითხოვს

საია ეხმაურება 2019 წლის 15 აპრილს ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების ფაქტს, რომელიც პოლიციელთა მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის შემდეგ, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და მოუწოდებს პროკურატურას ჩაატაროს დროული და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, დაადგინოს პოლიციელთა შესაძლო პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

მედიაში გავრცელებული და ასევე, გარდაცვლილის ოჯახის წევრის ინფორმაციით, 2019 წლის 22 მარტს, ოჯახში შეკამათების შემდგომ, პოლიციის თანამშრომლები მათთან სახლში მივიდნენ. გარდაცვლილის დის განმარტებით, ოთახში შესვლისთანავე, პოლიციის თანამშრომლები ზვიადს უხეშად მიმართავდნენ. გამოკითხვის მიზნით, პოლიციელებმა ზვიად მთავრიშვილი პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. სახლში დაბრუნებისას ზვიად მთავრიშვილი უჩიოდა თავის ტკივილს და აცხადებდა, რომ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავის არეში მიაყენეს დაზიანებები. ზვიად მთავრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღიდანვე გაუარესდა, კერძოდ, მას დაეწყო ძლიერი თავის ტკივილები და მეხსიერებასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები. 2019 წლის 1 აპრილს იგი გურჯაანში მდებარე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც დაესვა დიაგნოზი - ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, კომა. იმავე დღეს ზვიად მთავრიშვილი ქ. თბილისში, ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ზვიად მთავრიშვილს დაუდგინდა ,,კომა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მარცხენა დიდი ჰემისფეროს ტრავმული სუბდურული ჰემატომა, თ/ტ დაჟეჟილობა, შუამდებარე სტრუქტურების ცდომით, სუნთქვის მწვავე უკამრისობა.“ 2019 წლის 15 აპრილს ზვიად მთავრიშვილი საავადმყოფოშივე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, კახეთის საოლქო პროკურატურა საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით იძიებს, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. საია აღნიშნულ საქმეში გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს იცავს და მიიჩნევს, რომ გამოძიება არ უნდა მიმდინარეობდეს სამოხელეო დანაშაულის მუხლით. იმ პირობებში, როდესაც პირი ფიზიკური დაზიანების მიყენებისას იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ და არსებობს ეჭვი, რომ იგი პოლიციის შენობაში არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება თავიდანვე სწორი კვალიფიკაციით (წამება/არასათანადო მოპყრობა) მიმდინარეობდეს და არა ისეთი ზოგადი მუხლით, როგორც სამოხელეო დანაშაულია. ამასთან, მნიშვნელოვანია, საოლქო პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დროულად ჩაატაროს ყველა აუცილებელი და საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

საია მოუწოდებს პროკურატურას:

- უზრუნველყოს ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების საქმეზე ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების ჩატარება პოლიციელთა შესაძლო პასუხისმგებლობის გამოსაკვეთად, მათ შორის დროულად მოიპოვოს პოლიციის განყოფილებასთან ან/და განყოფილებაში არსებული ვიდეო-კამერების ჩანაწერები, დაკითხოს შესაბამისი მოწმეები და დროულად დაადგინოს ზვიად მთავრიშვილის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი;

- უზრუნველყოს სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა და გამოძიების გაგრძელება წამების ან/და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით;

- მიანიჭოს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსი და უზრუნველყოს მათი ეფექტიანად ჩართვა მიმდინარე გამოძიების პროცესში.

აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ აყენებს დღის წესრიგში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედების საჭიროებას, რომელსაც მსგავსი ტიპის საქმეების გამოძიების სრულყოფილი მანდატი ექნება. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება საქართველოს პარლამენტმა დაუსაბუთებლად, ორგანიზაციულ-ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მოტივით 2019 წლის ივლისისთვის გადაავადა.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge