13 მაისს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრების - დიმიტრი ხუნდაძის, ილია ნაკაშიძის, ვლადიმერ კახაძის, ზურაბ ხაჩიძის, კობა ნაკაიძის და დიმიტრი მხეიძის საკანონმდებლო ინიციატივა (N07-3/450) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მისი ინიცირება განპირობებულია იმით, რომ საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც შეეძლოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ამ მიზნით, იცვლება „საკარანტინო ღინისძიებების“ განმარტება და გარდა კონკრეტული პირის მიმართ გასატარებელი ღონისძიებებისა, შესაძლებელი ხდება საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგება და მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დაწესება. კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია, რომ საკარანტინო წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი სამინისტრო.
მიგვაჩნია, რომ მართალია, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციების მიღება ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა საქართველოს მთავრობისთვის კანონპროექტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების გადაცემა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტს და ზემოაღნიშნული შეზღუდვები უნდა მოხდეს მხოლოდ კანონის შესაბამისად. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტი უშვებს მითითებულ უფლებათა შეზღუდვას არაპროპორციული მოცულობით და არ არის ორიენტირებული კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე აუცილებლობაზე.
კანონით უფლების შეზღუდვის აუცილებლობა - საქართველოს კონსტიტუცია მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის პირდაპირ მოითხოვს, რომ აღნიშნული მოხდეს კანონით დადგენილი წესით. მართალია, კონსტიტუცია შრომისა და ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლების და შეკრების უფლების შეზღუდვაზე ამგვარ დანაწესს პირდაპირ არ შეიცავს, თუმცა როგორც საქართველოს კონსტიტუციით დაწესებული უფლების შეზღუდვის ზღვარი, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სტანდარტი მოითხოვს, რომ უფლების შეზღუდვა მოხდეს კანონის შესაბამისად, ისეთი იურიდიული დოკუმენტით, რომელიც მიღებულია მაღალი ლეგიტიმაციითა და საზოგადოების ფართო ჩართულობით. ამ შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ასეთ დოკუმენტს ვერ წარმოადგენს.
უფლებების შეზღუდვის პროპორციულობა - კანონპროექტი უშვებს მთავრობისთვის მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების გადაცემას, რომლითაც მას ენიჭება უფლებამოსილება, შეზღუდოს დასახელებული უფლებები. კერძოდ, მთავრობას მიენიჭება შეზღუდვების დაწესების უფლება იმ ადგილებშიც, რომლებიც შეიძლება არც წარმოადგენდეს ეპიდემიის კერას ან საფრთხის შემცველ სივრცეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეპიდემიის კერაში შესაბამისი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლი ისედაც ადგენს და აღმასრულებელი ხელისუფლების აღჭურვა დამატებითი უფლებამოსილებით, ეწინააღმდეგება უფლების შეზღუდვის პროპორციულობის პრინციპს.
მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, კარანტინის წესების დარღვევაზე იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის კი 10000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. იმ პირობებში, როდესაც 2020 წლის 23 აპრილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები პრობლემურია და მასში დაცული არ არის საქმის სამართლიანად განხილვისა ნორმების სიცხადის პრინციპები, საქართველოს მთავრობისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭება ზრდის კონსტიტუციით დაცულ უფლებებში გაუმართლებლად ჩარევის შესაძლებლობას.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტით ასევე გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის პროცესების დისტანციურად ჩატარება.
როგორც მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობის დროს სხდომები ტარდება დისტანციურ რეჟიმში, ხოლო ამ ტიპის სხდომებზე დასწრება არის პრობლემური და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი.
საგანგებო მდგომარეობის პირობებში საია ვერ ახერხებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 მარტიდან 4 მაისამდე სასამართლო სხდომების მონიტორინგს. საია-მ სისხლის სამართლის მიმართულებით დისტანციურად მიმდინარე სხდომების მონიტორინგის შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის საქალაქო და თელავის რაიონულ სასამართლოებს, საიდანაც გვეცნობა, რომ დისტანციურ სხდომაზე ჩართვა ტექნიკურ პრობლემებს წარმოშობდა.
შესაბამისად, ასეთ პირობებში მაღალია სასამართლოების მხრიდან თვითნებობის ხარისხი და აბსტრაქტული ტექნიკური ხარვეზის მიზეზით სხდომის საჯაროობის უგულვებელყოფა.
მნიშნველოვანია, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ პრაქტიკაში არ გამოიწვიოს სასამართლოს მხრიდან საჯაროობის პრინციპის უგულვებელყოფა. ამ დრომდე არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ სასამართლოების მხრიდან მაღალია თვითნებობა სხდომაზე საჯაროობის პრინციპის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტის განხილვისას გაითვალისწინოს განცხადებაში მოტანილი არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სტანდარტები და მათი გათვალისწინებით მიიღოს ცვლილებები კანონმდებლობაში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge