საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა დააინიცირეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც მერს აღარ შეუწყდება უფლებამოსილება, თუკი საკრებულო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებს კანონით დადგენილ ვადებში.
წარმოდგენილი ინიციატივა ბიუჯეტის დაუმტკიცებლობაზე მერის პასუხისმგებლობას სრულად გამორიცხავს და მას მხოლოდ საკრებულოზე ავრცელებს. ცვლილებების პარლამენტის მიერ გაზიარების შემთხვევაში საკრებულოს, როგორც კონსტიტუციის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, როლი არსებითად სუსტდება; ის დამოკიდებული ხდება მერის ინიციატივაზე და ბიუჯეტის პროექტის მნიშვნელოვანი ხარვეზების მიუხედავად, უფლებამოსილების შეწყვეტისგან გადასარჩენად ის ვალდებული ხდება, დაეთანხმოს წარმოდგენილ პროექტს. თუკი მოქმედი რედაქცია პასუხისმგებლობის გაზიარების მოდელით ორივე ორგანოს ბიუჯეტის გარშემო კონსენსუსისკენ მოუწოდებდა, წარმოდგენილი ცვლილებებით მერი სრულად იხსნის პასუხისმგებლობას პროექტის შეთანხმებაზე, რაც პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, შესაძლოა საკრებულოს უფლებამოსილების ხელოვნურად შეწყვეტამდეც მივიდეს. ამდენად, წარმოდგენილი ცვლილებები, კონსტიტუციურ, ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოს აყენებს იმ საფრთხის წინაშე, რომ პასუხისმგებლობის დამაბალანსებელი მექანიზმის გაქრობით, მისი არსებობა ხდება მერის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული, რაც გაუმართლებელია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების, საკრებულოების დასუსტებისკენ მიმართული, დაუსაბუთებელი და თვითნებური საკანონმდებლო ცვლილებები.
მოსაზრებები უფრო დაწვრილებით იხილეთ თანდართულ ფაილში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge