საია წინასაარჩევნო მონიტორინგს იწყებს: მიმართვა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაფუძნების დღიდან აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ორგანოების არჩევნების მონიტორინგის პროცესში. საიას სადამკვირვებლო მისია მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პროცესების, ისე არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პროცედურების მონიტორინგს.

ასოციაციას სწამს რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპების უზენაესობა, თავის საქმიანობაში მუდმივად იცავს სრულ ნეიტრალიტეტს პოლიტიკური პროცესების მიმართ. წლების განმავლობაში, საიამ თავისი საქმიანობით დაამტკიცა კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგულება და სწრაფვა სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად.

ორგანიზაცია, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელსაც ახორციელებს მორიგი საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს. ამ ეტაპზე, საია აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მონიტორინგის განმავლობაში გამოვლენილი დარღვევები ასახული იქნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ერთიან ანგარიშში.

წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი კანონდარღვევების დროული გამოვლენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით, გვსურს შემოგთავაზოთ ურთიერთთანამშრომლობა, რათა შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დარჩეს შესაძლო კანონდარღვევის  ფაქტები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და თანამშრომლობა. დროული და დადასტურებული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საიას ექნება შესაძლებლობა, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეს და კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიოს ნებისმიერ მსურველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი შესაძლო კანონდარღვევების შესახებ, მათ შორის, შემდეგ ფაქტებთან დაკავშირებით:

 

- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება;

- ამომრჩეველზე ზეგავლენა/დაშინება/მუქარა/ფიზიკური ანგარიშსწორება;

- ამომრჩევლის მოსყიდვა;

- სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლო პოლიტიკური ნიშნით;

- პოლიტიკური პარტიის მიერ შესაძლო უკანონო შემოწირულობის მიღება;

- ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა;

- ჟურნალისტის იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან;

- მედიასაშუალების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა.

მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის სრულყოფილი და ფაქტობრივად ზუსტი ინფორმაციის დროული და ეფექტური მოწოდება უფრო ეფექტურს გახდის  წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მიზნით საიას მიერ განსახორციელებულ საქმიანობას და ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ვფიქრობთ, ამგვარი თანამშრომლობა ყველა იმ სუბიექტის ინტერესში შედის, ვისაც საქართველოში  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება სურს.

მსგავსი მიმართვა საიამ საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვადსახვა მხარეებსაც, მათ შორის დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაუგზავნა. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge