საია თემურ ბერიძის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

საია იცავს თემურ ბერიძის ინტერესებს, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებს მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში ამხელს. თემურ ბერიძის განმარტებით, მასზე მუქარა მას შემდეგ განხორციელდა, რაც მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერი მოიგო   (ხულოს მუნიციპალიტეტში გარე განათების ბოძების დამონტაჟება). აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება  მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს[1]. საქმეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა იძიებს.

თემურ ბერიძის განმარტებით, ტენდერის მოგების შემდეგ, დაუკავშირდა ხულოს საკრებულოს დეპუტატი, მინდია რიჟვაძე, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ნათესავია. თემურ ბერიძე განმარტავს, რომ მინდია რიჟვაძემ მოსთხოვა მოგებულ ტენდერზე უარის თქმა, ვინაიდან ტენდერის პირობები მის კომპანიაზე იყო მორგებული და ტენდერი მას უნდა მოეგო.

უარის მიღების შემდეგ, თემურ ბერიძის განმარტებით, მინდია რიჟვაძე დაუკავშირდა  აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, ასევე, დავით რიჟვაძეს, რომელიც თორნიკე რიჟვაძის მამაა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიცია უკავია. მინდია რიჟვაძემ აღნიშნულ პირებს სთხოვა თემურ ბერიძეზე ზეწოლის მოხდენაში დახმარება, რათა მას მოგებულ ტენდერზე უარი ეთქვა. აღნიშნულის შემდეგომ, თემურ ბერიძეს შეხვდა თორნიკე რიჟვაძის ახლობელი, ჯამბულ აბულაძე, რომელმაც ასევე მოსთხოვა მოგებული ტენდერის დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა, რომ საქმე გაუფუჭდებოდა „ზევით“. ჯამბულ აბულაძესთან საუბრის დასრულებიდან რამდენიმე საათში, ხულოს მერიის წინ არსებულ სკვერში, თემურ ბერიძეს თავს დაესხა მინდია რიჟვაძე, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, თემურ ბერიძეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები.

უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, ცალკე წარმოებად გამოეყო ძალადობის ეპიზოდი, რომელზეც ბრალდებულად ცნეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, მინდია რიჟვაძე. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაწყებული გამოძიება კი დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს.

თემურ ბერიძემ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებიც მისგან  მოგებული ტენდერის დათმობას მოითხოვდნენ. აღნიშნულს ასევე ადასტურებენ მოწმეები. 

საია მიიჩნევს, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე  მიმდინარე გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც აჩენს ეჭვებს, რომ  აღნიშნული მიზნად ისახავს თანამდებობის პირებისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

საია მოუწოდებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას, დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება თანამდებობის პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით. 

 


[1] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge