საია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შორის მომხდარი ინცინდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, „მომავლის იმედის“ ხელმძღვანელ, თამარ ხაჭაპურიძეს შორის 2016 წლის 26 აგვისტოს გონიოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება აჩენს კითხვებს, რომ შესაძლოა მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის გამოძიება მიკერძოებულად მიმდინარეობდეს და არ იყოს ობიექტური; კითხვებს აჩენს ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის სისწორე და მოსალოდნელი სასჯელის პროპოციულობა, გამოძიების პროცესზე სასამართლო კონტროლის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა.

 

გვსურს ხაზი გავუსვათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისათვის მოსამართლის უსაფრთხოება  და დაცულობა შესაძლო მუქარისა თუ შურისძიებისაგან მის მიერ განხილულ საქმეებთან დაკავშირებით. უდავოა, რომ თუკი მოსამართლის მიმართ ადგილი აქვს რაიმე კანონდარღვევას, ამაზე უნდა განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული რეაგირება. თუმცა, როგორც გამოძება, ისე სასამართლოს მიერ საქმის განხილვა უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს ადექვატურად შეფასდა თუ არა ჩადენილი ქმედება, წარიმართა თუ არა გამოძება და სასამართლო განხილვა  ობიექტურად, მიუკერძოებლად და სამართლიანად.

სამწუხაროდ, ზემოხსენებული ინციდენტის გამოძიების პროცესში უკვე გაჩნდა არაერთი გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს გამოძების ობიექტურობას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

- მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) მონაწილებით მომხდარი ინციდენტის გამოძიება მხოლოდ ერთი მიმართულებით მიმდინარეობს; გამოძიება არ სწავლობს, ინციდენტის დროს თავად მოსამართლის მოქმედებების შესაბამისობას კანონთან. მიუხედავად იმისა, რომ საქმე თავად ხაჭაპურიძის საჩივრის საფუძველზე აღიძრა მისი არასრულწლოვანი შვილის ცემის საფუძვლით, ამ მიმართულებით გამოძიება აღარ მიმდინარეობს;

 

- თამარ ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე დააკავეს გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, თუმცა, აღნიშნული საფუძვლის არსებობა სათანადოდ არ იყო დასაბუთებული;

- ასევე, არასათანადოდაა დასაბუთებული სასამართლოს განჩინება ხაჭაპურიძის მიმართ აღკვთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ;

- კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბრალდებაში აღნიშნული ქმედების კვალიფიკაციის სისწორე და სასჯელის პროპორციულობა.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, ამ საქმეზე განხორციელებული რეაგირება შესაძლოა საზოგადოების თვალში მართლმსაჯულების სისტემის (როგორც საგამოძებო ორგანოების, ისე სასამართლო ხელისუფლების) უპირატესობის და ამ სისტემის წინაშე ინციდენტის მონაწილე მეორე მხარის (მოქალაქის) არსებითი უთანასწორობის და დაუცველობის  შთაბეჭდილებას ტოვებდეს.  

აღნიშნული არა თუ არ მოემსახურება სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას, არამედ შესაძლოა ჩრდილს აყენებდეს მას და ხელს უწყობდეს სასამართლოს მიმართ საზოგადოების გაუცხოვებასა და უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენას.

იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა გაითვალისწინებს ზემოაღნიშნულს, უზრუნველყოფს მიმდინარე საქმეზე ობიექტურ რეაგირებას, არ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს და არ შექმნის როგორც საგამოძიებო უწყების, ასევე სასამართლო ხელისუფლების იმიჯის შემლახავ პრეცედენტს.

იმედი გვაქვს, აღნიშნული ფაქტით ასევე დაინტერესდება იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სრულყოფილად გამოიკვლევს მომხდარს, რათა მოსამართლის მოქმედებებში შესაძლო დისციპლინური გადაცდომის არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური სანქციის გამოყენებით, ხელი შეუწყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის და მოსამართლის ხელშეუხებლობის პრინციპების სწორად აღქმასა და პატივისცემას საზოგადოებაში.

 

დამატებითი ინფორმაცია

აღნიშნულ საქმეში საია იცავს ბრალდებულთა ინტერესებს. გვსურს, საზოგადოების ყურადღება შევაჩეროთ ყველა პრობლემაზე, რაც ამ დრომდე დაფიქსირდა და რაც ეფუძნება საიას მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში, საქმის მასალების და სასამართლოს განჩინების შეფასებას:

დაკავების დრო და კონტექსტი

2016 წლის 26 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შორის მომხდარი ინციდენტის დროს სხეულის დაზიანება მიიღო თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანმა შვილმა - დავით ხაჩიძემ. არსებული დაზიანების ფაქტზე თამარ ხაჭაპურიძემ მოსამართლის წინააღმდეგ განცხადებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რაზეც დაიწყო  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა). გამოძიების პროცესში გამოიკითხნენ ინციდენტის მონაწილეეები. დაზიანებებთან დაკავშირებით არასრულწლოვანს ჩაუტარდა ექსპერტიზა.

საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდა იმავე საღამოს 22:00 სთ-მდე. ვინაიდან საგამოძიებო მოქმედებები ღამის საათებში უნდა ჩატარდეს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამომძიებლებმა ხაჭაპურიძეს და მის მეუღლეს სთხოვეს არასრულწოვნის დაკითხვა გადაედოთ მეორე დღისთვის. ამაზე მშობლებმა თანხმობა განაცხადეს და დაახლოებით 22:30 სთ-ზე დატოვეს პოლიციის განყოფილება. 2016 წლის 27 აგვისტოს ღამის 02:10 სთ-ზე ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე სამართალდამცავებმა დააკავეს გადაუდებელი აუცილებლობით. დაკავების დროს ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე სასტუმროში იმყოფებოდნენ მცირეწლოვან ქალიშვილთან და არასრულწოვან ვაჟიშვილთან ერთად. ასევე, მათ ახლდათ  სტუმრად მყოფი 10 წლის ბავშვი. ხაჭაპურიძის და მისი მეუღლის დაკავების შემდეგ ბავშვები დარჩნენ სოციალური სამსახურის წარმომადგენლის ამარა.

გადაუდებელი აუცილებლობით დაკავების პრობლემურობა

უდავოდ დადასტურებული ფაქტია, რომ ბრალდებულები მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სამართალდამცავ ორგანოებში და გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობდნენ. გარდა ამისა, საგამოძიებო ორგანო მხოლოდ გამომძიებლის მითითების საფუძველზე დატოვეს. გამომდინარე აქედან, ხაჭაპურიძის და მისი მეუღლის საგამოძიებო ორგანოდან გამოსვლიდან ოთხ საათში დაკავება, აჩენს კითხვებს გამოძიების მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზე.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და მისი მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა, ალტერნატიული ღონისძიებით, რომელიც პროპორციულია სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და ბრალდებულის პირადი მონაცემებისა. მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, რომ კანონმდებელი დაკავების საფუძვლების კუმულაციურ ერთობაზე მიუთითებს და მხოლოდ ცალკე აღებულ ერთ კომპონენტს არ მიიჩნევს დასაშვებ   შესაძლებლობად პირის დასაკავებლად.

გადაუდებელი აუცილებლობით დაკავების შემთხვევაში აუცილებელია, პირველი წარდგენის სხდომაზე მოსამართლემ შეამოწმოს რამდენად არსებობდა დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა და რამდენად დაცული იყო პირის დაკავების კანონით გათვალისწინებული პროცედურები. ამ საკითხზე მოსამართლის მსჯელობა არის ზედაპირული და შაბლონური. მოსამართლე მხოლოდ საკანონმდებლო ნორმებს უთითებს და საუბრობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვისა და ინფორმაციის მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხზე, თუმცა რა ფაქტობრივი გარემოებები განაპირობებს მოსამართლის ამ ვარაუდს, განჩინებაში არ არის მითითებული. აღნიშნული საკითხის ასეთი ზოგადი ფორმით შეფასება ვერ იქნება მიჩნეული გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით ჩატარებული დაკავების აუცილებლობასა და კანონიერებაზე რეალური სასამართლო კონტროლის განხორციელებად.

არასრულყოფილი, მიკერძოებული გამოძიების ნიშნები

თამარ ხაჭაპურიძის განცხადების საფუძველზე ცემის დანაშაულის გამო დაწყებული გამოძიება აღარ გაგრძელდა და  გამოძიება დაიწყო თავად თამარ ხაჭაპურუძის და მისი მეუღლის წინააღმდეგ სსკ-ის 365-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულის გამო (მუქარა ან ძალადობა სამართალწარმოების განხორციელებასთან, გამოძიებასთან ან დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით). შესაბამისად, იკვეთება, რომ გამოძიება მხოლოდ ერთი - მოსამართლის მიერ მითითებული გარემოებების გამოძიების - მიმართულებით განვითარდა, ნაცვლად იმისა, რომ გამოძიებულ იქნას მოსამართლის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენაც.

გამოძიების ამგვარი მიდგომა არღვევს სახელმწიფოს ვალდებულებას, ყოველმხრივ და მიუკერძოებლად აწარმოოს გამოძიება. თუ სსკ 125-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების პროცესში გამოვლინდა სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მაშინ პროკურატურას ამ მიმართულებით განცალკევებით უნდა დაეწყო გამოძიება, თუმცა არ შეეწყვიტა 125-ე მუხლით მიმდინარე გამოძიება არასრულწოვანის ცემის ფატზე. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ჩასატარებელია მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად. ხოლო პროკურატურის ასეთი გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ გამოძიების ინტერესებში არ შედის 125-ე მუხლზე გამოძიების წარმართვა.

ქმედების კვალიფიკაციის პრობლემურობა

საქმის გარემოებების სრულყოფილ და ყოველხრივ გამოკვლევაზეა დამოკიდებული ქმედების სწორი კვალიფიკაციის განსაზღვრა. ვინაიდან ამ თვალსაზრისით საქმეში კითხვები არსებობს, რთული შესაფასებელია, რამდენად სწორად მიუსადაგა პროკურატურამ ქმედებას დანაშაულის კვალიფიკაცია. რაც შეეხება, არსებული კვალიფიკაციის პირობებში დამამძიმებელი გარემოების გამოყენებას, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თამარ ხაჭაპურიძის მეუღლე მას შემდეგ ჩაერთო კონფლიქტში, როდესაც მოსამართლესა და ხაჭაპურიძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა. კახაბერ ხაჩიძის ქმედებები მიმართული არ ყოფილა მოსამართლის საქმესთან ან საქმის მასალების განხილვასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კახაბერ ხაჩიძის ქმედება არ ჯდება სსკ 365-ე მუხლის ფარგლებში. კახაბერ ხაჩიძის ქმედების სსკ 365-ე მუხლით კვალიფიკაციამ გამოიწვია ქმედების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილად მიჩნევა. აღნიშნული, თავის მხრივ, იწვევს თამარ ხაჭაპურიძისა და მისი მეუღლის მიმართ მოსალოდნელი სასჯელის გამკაცრებას. სსკ 365-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე, მაშინ როცა დამამძიმებელი გარემოების გარეშე აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.      

პატიმრობის გამოყენების დაუსაბუთებლობა

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა შეიცავს არაერთ სამართლებრივ უზუსტობას, არ არის სათანადოდ დასაბუთებული და პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა ეფუძნება მხოლოდ ჰიპოთეტურ არგუმენტებს. კერძოდ:

- პროკურატურის შუამდგომლობაში აღნიშნულია რომ ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში კანონი მხოლოდ ორი სახის აღკვეთის ღონისძიებას ითვალისწინებს გირაოს ან პატიმრობას. კანონის აღნიშნული განმარტება არ შეესაბამება სიმართლეს.

- ბრალდებულის მიერ მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების მოხდენა არ საბუთდება არაფრით გარდა ზეპირი ვარაუდისა, რომ ვინაიდან ბრალდებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია, თითქოს ეს ქმნის მოწმეებზე გავლენის მოხდენის რეალურ შესაძლებლობას. მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების მოხდენის ამგვარი დასაბუთება ჰიპოთეტურია და არ აკმაყოფილებს პატიმრობის გამოყენებისათვის კანონით დადგენილ მტკიცების სტანდარტს.  

- შუამდგომლობაში აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძვლად მითითებულია, რომ ბრალდებულმა არ ჩაიბარა და ხელი არ მოაწერა დაკავების ოქმს, ბრალდების შესახებ დადგენილებას, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ის ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას. ბრალდების შესახებ დადგენილების ხელმოწერა და ზოგადად საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა წარმოადგენს ბრალდებულის უფლებას და არა ვალდებულებას და აღნიშნულზე ბრალდებულის უარი არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული.

 

პატიმრობის გამოყენების შესახებ მოსამართლის განჩინების დაუსაბუთებლობა

 

2016 წლის 28 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა თამარ ხაჭაპურიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ. ხოლო, პროკურატურის მოთხოვნა კახაბერ ხაჩიძის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ  და ბრალდებულს შეეფარდა გირაო. სასამართლოს აღნიშნული განჩინება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ.  

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი და მასში განვითარებული მსჯელობა არის ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის, კერძოდ:

 

- სასამართლო შაბლონურად მსჯელობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებზე, რომელიც არ არის გამყარებული კონკრეტული ფაქტებითა და გარემოებების ინდივიდუალური შეფასებით;

- მოსამართლე მთლიანად ეყრდნობა ბრალდების მხარის არგუმენტებს და არ მსჯელობს დაცვის მხარის არგუმენტებსა და მითითებებზე. ასევე, განჩინებაში არ არის მითითება იმასთან დაკავშირებით, რატომ გაიზიარა სასამართლომ  ბრალდების მხარის არგუმენტები და მივიდა ამ დასკვნამდე;

- განჩინებაში მხოლოდ ზოგადად არის წარმოდგენილი, რატომ ვერ უზრუნველყოფს გირაოს ან პატიმრობაზე ნაკლებად მკაცრი და შემზღუდველი ღონისძიების გამოყენება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს. განსაკუთრებით დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია, პატიმრობის გამოყენება თამარ ხაჭაპურიძის მიმართ. მართალია, მოსამართლე განჩინებაში ხაზს უსვამს რომ პატიმრობა არის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების უკიდურესი ფორმა, თუმცა არაფერს ამბობს იმის თაობაზე თუ რატომ არსებობდა ხაჭაპურიძის მიმართ ამ ღონისძიების გამოყენების საჭიროება.

 

მოსამართლის მოქმედებებში შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ნიშნები

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს მოსამართლემ ჩაიდინა შეუფერებელი ქმედება (რაც სავარაუდოდ გამოიხატებოდა მოქალაქის მიმართ შეურაცმყოფელი სიტყვების, გინების გამოყენებაში, საჯარო ადგილას). მნიშვნელოვანია, გამოძიებულ იქნას სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტი. აღნიშნულის პარალელურად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა განიხილოს და იმსჯელოს, მოსამართლის მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს.

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge