საია თბილისის საკრებულოს 22 თანამშრომლის დაუსაბუთებლად გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2013 წლის 7 ოქტომბერს მომართა ქალაქ თბილისის საკრებულოს ოცდაორმა ყოფილმა თანამშრომელმა. განცხადებაში მათ მიუთითეს, რომ სექტემბერში სამსახურიდან გათავისუფლდნენ საკრებულოში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის მოტივით და ითხოვეს გათავისუფლების კანონიერების საკითხის შესწავლა.
საიამ შეისწავლა ზემოაღნიშნულ პირთა განცხადება, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, საკრებულოდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია, რის საფუძველზეც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მითითებულ პირთა გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა. ეს მოსაზრება შემდეგ გარემოებებს ემყარება:
1. ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 26 ივლისის #96-ე დადგენილებით ცვლილება შევიდა ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 28 დეკემბრის #72-ე დადგენილებაში და საკრებულოს საშტატო ერთეულთა რაოდენობა განისაზღვრა 199 ერთეულით.
2013 წლის 16 აგვისტოს #68 განკარგულებით შტატების შემცირების მიზნით ქ. თბილისის საკრებულოს აპარატში დაიწყო რეორგანიზაცია. თუმცა, სინამდვილეში შტატები არათუ შემცირდა, არამედ 2013 წლის 19 აგვისტოს #100 დადგენილებით გაიზარდა და განისაზღვრა 222 ერთეულით, ხოლო 2013 წლის 26 აგვისტოს დადგენილებით _ 223 ერთეულით; 2013 წლის 17 სექტემბრის #127 დადგენილების საფუძველზე შტატების რაოდენობა კვლავ შეიცვალა და განისაზღვრა 210 ერთეულით. ანუ რეორგანიზაციის დაწყებამდე (16 აგვისტო) არსებული 199 საშტატო ერთეული საბოლოოდ 11 ერთეულით გაიზარდა.
2. 2013 წლის 17 სექტემბერს საკრებულოს 22 თანამშრომელი შტატების შემცირების მოტივით თანამდებობიდან გათავისუფლდა. თუმცა, როგორც აღინიშნა, რეორგანიზაციის შედეგად შტატები მთლიანობაში გაიზარდა. შესაბამისად, გაუგებარი რჩება, შტატების შემცირების მოტივი შტატების რეალური ზრდის ფონზე, როგორ გახდა თანამშრომელთა გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.
3. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შტატები შემცირდებოდა, საკრებულოს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დაასაბუთოს, რატომ გათავისუფლდა ესა თუ ის პირი თანამდებობიდან; სხვა პირს რა კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭა მასთან შედარებით პრიორიტეტი; რატომ ვერ აკმაყოფილებენ გათავისუფლებული თანამშრომლები რეორგანიზაციის პროცესში არსებულ მოთხოვნებს და, საერთოდაც, რა შინაარსის იყო ეს მოთხოვნები, ვინ განსაზღვრა ისინი და ვინ შეამოწმა, რომელი თანამშრომელი აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნას და რომელი - არა. ამ ან სხვა მსგავს კითხვებზე რაიმე პასუხს თუ დასაბუთებას გათავისუფლების აქტი არ შეიცავს.
4. ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის #1-4 გადაწყვეტილებით განსაზღვრული არაა სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტისა და მთავარი სპეციალისტის ფუნქციური სხვაობა. შესაბამისად, ჩვენთვის გაურკვეველია ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის განყოფილებებსა და შესაბამის კომისიებში რა მიზნით მოხდა სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტისა და მთავარი სპეციალისტის შტატებში ცვლილებების განხორციელება.
5. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავად რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 16 აგვისტოს განკარგულება არ შეიცავს დასაბუთებას თუ რა კონკრეტულმა გარემოებებმა განაპირობა რეორგანიზაციის გამოცხადება; რომელი სტრუქტურული ერთეული უნდა გაუქმებულიყო ან შერწყმოდა სხვას და რატომ. არც მოქალაქეების მიერ საიაში წარმოდგენილი და არც საიას მოთხოვნის შედეგად საკრებულოდან მიღებული არცერთი აქტი მსგავს დასაბუთებას არ შეიცავს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ საკრებულოს არ აქვს დასაბუთებული არც რეორგანიზაციის განხორციელების საჭიროება და არც თანამშრომელთა გათავისუფლების კანონიერება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ქ. თბილისის საკრებულოს, გადაამოწმოს როგორც, ზოგადად, რეორგანიზაციის მიზანშეწონილობა, ასევე კონკრეტული თანამდებობის პირების სამსახურიდან გათავისუფლების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge