მიუხედავად იმისა, რომ თავად აუდიტის აქტის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს, საია საჭიროდ მიიჩნევს მიაწოდოს საზოგადოებას აუდიტის აქტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც არსებულ დარღვევებსა და ფონდის მიერ სხვადასხვა მიმართულებით გაწეულ ხარჯებს ეხება. ამავე დროს, საიას მოსაზრებით ამ ხარჯების მიზანშეწონილობა დამატებით შესწავლას საჭიროებს.
აუდიტის აქტში აღნიშნულია ისეთი დარღვევები როგორიცაა: საიჯარო ხარჯის გადახდისთვის მიღებული ფინანსური ზარალი; საკანცელარიო საქონლის გაცემის მიღება-ჩაბარების აქტების არარსებობა; იჯარით გაცემულ ფართებზე მოიჯარეების მიერ თანხების გადახდის კონტროლისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციების გამოუყენებლობის შემთხვევები; შპს „არტესი“-სთან და შპს „ინ-სი“-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დარღვევები, საწვავის გაცემის პარალელურად ავტომანქანების სპიდომეტრის ჩანაწერების არარსებობა და სხვა.
მთლიანობაში ფონდმა 2005 წლის 31 მარტიდან 2010 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში 165,414,924 ლარის ხარჯი გასწია. ხოლო შემოსავლის სახით 182,651,033 ლარი მიიღო. მათ შორის 101,241,559 ლარი მთავრობის მიერ ჩარიცხული თანხების საფუძველზე, ხოლო 11,212,712 ლარი შენობების რეალიზაციიდან (დამატებით ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში).
აუდიტის აქტის მიხედვით, თბილისის მთავრობის მიერ 2007 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 ოქტომბრამდე, ჯამში ფონდში ჩარიცხული იყო 276,264,451 ლარი. თუმცა, აუდიტის აქტში არსებული მონაცემების, თბილისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებისა და თბილისის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებების ურთიერთშეჯერების შედეგად ირკვევა, რომ 2005 წლის 31 მარტიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ქ. თბილისის მთავრობამ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს ჯამში 304 მილიონ ლარზე მეტი ჩაურიცხა.
საია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიუხედავად ფონდის მიერ ზემოთ მოყვანილი რიგი ხარჯებისა, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი რჩება, სრული და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად რომელი სამუშაოები იქნა დაფინანსებული თბილისის მთავრობის მიერ ფონდისთვის გადაცემული საბიუჯეტო სახსრებიდან და რა ოდენობის თანხა გაიხარჯა თითოეულ სამუშაოზე. ამასთან, ფონდის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით ხდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით ააიპ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი ოფიციალურად არის ლიკვიდირებული, საია კიდევ ერთხელ მიმართავს ქ. თბილისის მერიას, გაასაჯაროვოს 2005-2011 წლებში ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ თბილისის მთავრობაში წარდგენილი ანგარიშები. ხოლო საქართველოს პარლამენტმა მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და არაგეგმიური აუდიტის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეისწავლოს ყველა ის დოკუმენტაცია, რაც წლების განმავლობაში ფონდის მიერ გახარჯული თანხების კანონიერებასა და მიზანშეწონილობას დაადასტურებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge