საია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდების საქმიანობის გამჭვირვალობას მოითხოვს

გუშინ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ცნობილი ხდება, რომ ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ, 2010 წლის მაისში, შპს „კლუბი დივას“ ანგარიშზე ჯამში 5129 ლარი გადაირიცხა.

გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოების ყურადღება რამდენიმე გარემოებაზე გავამახვილოთ.

2012 წლის მაისში საიას მიერ წარმოდგენილ იქნა ანგარიში „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“, რომელიც თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროცესში ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მონაწილეობასაც ეხება.

ანგარიშის მიხედვით, თბილისის მთავრობამ 2005 წელში დაფუძნებულ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს 2005-2011 წლების თბილისის ბიუჯეტებიდან ჯამში 288 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხები ფონდს  თბილისის  რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით უნდა დაეხარჯა, საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი რჩება, კონკრეტულად რაში იხარჯებოდა წლების განმავლობაში თბილისის ბიუჯეტიდან მიღებული ასეულობით მილიონი ლარი.

საიას არაერთი მცდელობა, რომ გაეცნოს თბილისის მერიიდან ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ თბილისის მთავრობაში წარდგენილი ანგარიშებს, დღემდე უშედეგოდ გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ საიას მოთხოვნის მართებულობა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებით არის გამყარებული.

ამასთან, გვსურს აღვნიშნოთ, რომ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებული ფინანსების გაუმჭვირვალობა მხოლოდ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდთან დაკავშირებულ ერთ კონკრეტულ პრობლემას არ წარმოადგენს. იმავე პრობლემასთან გვაქვს საქმე თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი, თბილისის განვითარების ფონდის შემთხვევაშიც. წლების განმავალობაში ვერ ხერხდებოდა ასევე პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მიღება. დღემდე ბუნდოვანია ქუათაისში საქართველოს პარლამენტის შენობის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების საკითხი. მთლიანობაში ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გაუმჭვირვალობა ბოლო წლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. ქართული მედია საშუალებებით გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ნათელი დასტურია იმისა, რომ საბიუჯეტო რესურსების გაუმჭვირვალედ ხარჯვა მაღალი კორუფციული საფრთხეების მატარებელია და შესაძლოა ეს არ იყოს საბიუჯეტო რესურსის უკანონო და არამიზნობრივი ხარჯვის ერთადერთი შემთხვევა. მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა გასაჯაროვებულიყო მსგავსი ფონდების საქმიანობა, სახელმწიფოს წარმომადგენელთა რეაგირება ჩვენს კითხვებსა და შენიშვნებზე იყო სრულიად არაადეკვატური და, რიგ შემთხვევებში, უკანონო.

აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია საბიუჯეტო რესურსების განკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საია კიდევ ერთხელ მიმართავს ქ. თბილისის მერიას, გაასაჯაროვოს 2005-2011 წლებში ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ თბილისის მთავრობაში წარდგენილი ანგარიშები.

მიგვაჩნია, რომ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის შესახებ ქართული მედია საშუალებებით გუშინ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს კიდევ ერთ საფუძველს, რათა სხვადასხვა ფონდიდან, წლების მანძილზე ბიუჯეტიდან გადაცემული თანხების ხარჯვის კანონიერებისა და მიზნობრიობის საკითხით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები დაინტერესდნენ. უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სრულყოფილად და დროულად შეისწავლოს მსგავსი ფონდების საქმიანობა და მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge