საია თამაზ გრატიაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად პროკურატურას დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენებისაკენ მოუწოდებს

08 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, თამაზ გრატიაშვილს, რომელმაც პოლიციის თანამშრომლები მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ამხილა, საცხოვრებელ სახლთან 2 უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმას თამაზ გრატიაშვილი მიმდინარე გამოძიებას უკავშირებს. აღნიშნულმა პირებმა თავდასხმის დროს თამაზ გრატიაშვილს უთხრეს, რომ ეს გაფრთხილება იყო. მიყენებული დაზიანებების შედეგად თამაზ გრატიაშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ საია-მ თამაზ გრატიაშვილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით პროკურატურას 4 ივლისს მიმართა. თუმცა, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების აშკარა საფრთხის მიუხედავად, პროკურატურამ შესაბამისი ღონისძიებები არ გაატარა, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია. ვინაიდან თამაზ გრატიაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ისევ საფრთხეშია, საია მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება. 

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, თამაზ გრატიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს 2020 წლის 9 ივნისს მასზე განხორციელებულ ძალადობაში ამხელს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა  გამოძიება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების შემდგომ, თამაზ გრატიაშვილმა საია-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა და მისგან მომხდარ ფაქტზე გაჩუმებას მოითხოვდნენ. კერძოდ, 2020 წლის 21 ივნისს, ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა მისთვის უცნობი პირი, რომელმაც 10 000 ლარის სანაცვლოდ პოლიციელების წინააღმდეგ საჩივრის გამოტანა მოსთხოვა. ხოლო 3 ივლისს, ფეხით გადაადგილებისას ავტომანქანამ გზა გადაუჭრა. საჭესთან მჯდომმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და  ლიკვიდაციით დაემუქრა.

მომხდარ ფაქტებზე საია-მ დაუყოვნებლივ მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დასაქმის დროული და სრულყოფილი გამოიძება მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ფაქტებს აქვთ პირდაპირი კავშირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიებას ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდეს და ხელი შეეშალოს საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას.  

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საია მოუწოდებს:

 საქართველოს გენერალურ პროკურატურას

- თამაზ გრატიაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად დაუყოვნებლივ გამოიყენოს დაცვის სპეციალური ღონისძიებები; 

- შესაძლო ზეწოლის, ასევე, განხორციელებული თავდასხმის ფაქტი გამოსაძიებლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუქვემდებაროს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს 

- ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება სამართალდამცავი პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge