საია თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის ცემის ფაქტზე გაჭიანურებული გამოძიების დასრულებას მოითხოვს

თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიების საქმეში, რომელშიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს, იწურება სისხლისსამართლებრივი პასუხისმეგბლობის ხანდაზმულობის ვადა. გამოძიების დაწყებიდან თითქმის ორი წლის გასვლის მიუხედავად, საქმეზე რაიმე შედეგი არ დამდგარა. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის ამოწურვა გამორიცხავს დანაშაულისთვის პირის პასუხისგებაში მიცემას.

გამოძიების გაჭიანურება და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმეზე ირღვევა კანონის უზენაესობის პრინციპი - სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის, გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობა საქმეში, შესაძლოა, ხელს უშლიდეს საქმეზე გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.

არაეფექტურ გამოძიებასთან ერთად, სახეზეა შერჩევითი მიდგომა ერთი ფაქტის გარშემო დაწყებული ორი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას. ამავე ფაქტიდან გამომდინარე, თამარ ხაჭაპურიძის მიმართ წარდგენილ ბრალზე გამოძიება დასრულებულია და საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს მაშინ, როცა გიორგი მიქაუტაძის მიერ თამარ ხაჭაპურიძის შვილის ცემის ფაქტზე ცალკე წარმოებული გამოძიება წელიწადნახევარზე მეტია უშედეგოდ გრძელდება. გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე გამოძიების გაჭიანურებას და შერჩევით მიდგომას არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო განცხადებით გამოეხმაურნენ ჯერ კიდევ 2018 წლის 21 მარტს.

ამასთან, თამარ ხაჭაპურიძის ბრალდების საქმეზე, სადაც გიორგი მიქაუტაძე დაზარალებულის სტატუსით სარგებლობს, 2018 წლის ივლისში გამართულ სხდომაზე სასამართლომ დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად უთხრა უარი თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრალდების მხარეს მოწმეების სასამართლო სხდომაზე დაკითხვის შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ეძლეოდა.   

მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე, 2018 წლის 26 აგვისტომდე, დასრულდეს თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის საქმეზე გამოძიება. გამოძიება ჩატარდეს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რათა საქმე არ დარჩეს გამოუძიებელი, ხოლო დანაშაული დაუსჯელი. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა და სასამართლომ ყველა ზომას მიმართონ, რათა გაქარწყლდეს ეჭვი შერჩევითი მართლმსაჯულების განხორცილების თაობაზე.    


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge