საია სს ,,თბილავიამშენის” ყოფილ აქციონერებს საადვოკატო დახმარებას გაუწევს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საადვოკატო დახმარებას უწევს სს ,,თამ თბილავიამშენის“ ყოფილ აქციონერებსა და შპს ,,თბილავიამშენის” ყოფილ პარტნიორებს. აღნიშნულმა პირებმა 2004 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოსგან შეიძინეს სს ,,თამ თბილავიამშენის“ აქციათა 90%, რაშიც გადაიხადეს 67 მლნ.  აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.  2010 წელს განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების შედეგად მესაკუთრეები იძულებულნი გახდნენ, თავიანთი ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ.  უკანონოდ მიღებული ქონება დღესაც სახელმწიფოს საკუთრებაშია და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.  

აქციონერთა განმარტებითა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ  სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან მესაკუთრეთა მიმართ მთელი რიგი უკანონო ქმედებები განხორციელდა, რომელთა უმეტესობა აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:

2010 წლის 19 ივნისს საწარმოში შევიდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები და სასამართლოს ბრძანებების საფუძველზე ამოიღეს კომპანიის საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტები და კომპიუტერის პროცესორები. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, არ შედგენილა ამოღების ოქმები და აღნიშნული დოკუმენტაცია მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნეს, რაც აქციონერებმა ქონება სახელმწიფოს ,,აჩუქეს";
2010 წლის 26 ივნისს,  შაბათ დღეს კომპანიის დირექტორი და ყველაზე მსხვილი პარტნიორი - პანტიკო თორდია დაიბარეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სადაც მას წარუდგინეს ბრალდებულის  სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება. მასზე რამდენიმე საათის განმავლობაში ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო ბოლოს, მოსთხოვეს ,,საწარმო სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა".  პ.თორდია იძულებული გახდა დათანხმებოდა ამ მოთხოვნას, რის შემდეგაც ბრალდებულის სახით მისი პასუხისგებაში მიცემის დადგენილებას რაიმე სახის სამართლებრივი გაგრძელება აღარ მოჰყოლია. ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სინამდვილეში გამოძიების დაწყების ერთადერთი მიზანი იყო დაპატიმრების შიშით პ.თორდიას იძულება ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა. 
 
ამავე დროს პრობლემა შეექმნათ სხვა აქციონერებსაც. საჯარო რეესტრი თვეების განმავლობაში გაუგებარი მოტივებით საკუთრების უფლების დამადასტურებელ ამონაწერსაც კი არ გასცემდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ამონაწერის გაცემას კანონი საჯარო რეესტრს 1 დღის ვადაში აკისრებდა. მას შემდეგ, რაც ამონაწერის აღება სახელმწიფოს ინტერესი გახდა რათა წილის დათმობაზე სანოტარო აქტი მომზადებულიყო,  საჯარო რეესტრმა ამონაწერი  5 წუთში, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოამზადა არასამუშაო - კვირა დღეს. იმავე დღეს შპს-ს დანარჩენ პარტნიორებს მოაწერინეს ხელი წილის უსასყიდლოდ დათმობის გარიგებაზე.  ხოლო მომდევნო დღეებში სახელმწიფოს სასარგებლოდ ,,ქველმოქმედების" სურვილი ასევე ჯგუფურად ,,გაუჩნდათ" 24 აქციონერს და მათ თავიანთი საკუთრება ასევე უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. 
 
აღსანიშნავია, რომ გაჩუქებული კომპანია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საწარმოდ ითვლებოდა - მანამ სანამ ის სახელმწიფოს საკუთრება გახდებოდა, განსხვავებით სხვა მრავალ საწარმოთაგან, მან შეინარჩუნა ტექნიკური პოტენციალი და მის მიერ გამოშვებული პროდუქციას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებლებში. 
 
ბოლო წლების განმავლობაში საკუთრების უფლების დარღვევებმა მასიური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. შემაშფოთებელია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩუქების დაახლოებით 9600 შემთხვევა დაფიქსირდა. კიდევ უფრო მეტია სხვადასხვა ადმინისტრაციული თუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც უხეშად არღვევდნენ საკუთრების უფლებას. ეს არის მასშტაბური პრობლემა და საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება ეფექტურ და გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებს ამ მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად, რაც გააჯანსაღებს ბიზნეს კლიმატს და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ხელს შეუწყობს.
 
ამასთან, ზოგადი მდგომარეობის გამოსწორება ვერ მოხდება კონკრეტულ შემთხვევებში სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღების გარეშე. სს ,,თბილავიამშენის" შემთხვევა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნათელი მაგალითი თუ რა მეთოდებით მოქმედებდა სახელმწიფო მესაკუთრეთა წინააღმდეგ. დღეს არის უკანონობის გამოსწორების მარტივი შესაძლებლობა - ქონება ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია და მოცემულ შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენა შეიძლება სპეციალური კომისიების და ყოველგვარი სხვა დამატებითი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების გარეშე. საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების კეთილი ნება, რაც გვჯერა, რომ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში ქონების დაბრუნება სამართლებრივი თვალსაზრისით არის ისეთივე მარტივი, როგორც ეს მოხდა შპს ,,ტელეიმედის" შემთხვევაში.
 
საია საადვოკატო დახმარებას გაუწევს „თბილავიამშენის“ ყოფილ მესაკუთრეებს და ქონების დაბრუნების მოთხოვნით ჩვენ მივმართავთ სასამართლოს. იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას და სურვილს წარმოადგენს წინა ხელისუფლების პირობებში პირთა უკანონოდ შელახული უფლებებისა და სამართლიანობის აღდგენა, რაც არაერთხელ საჯაროდაც იქნა გაცხადებული, გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ეკონომიკის სამინისტრო სწორ პოზიციას დაიჭერს, ხოლო სასამართლო მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას და მოსარჩელეებს აღუდგენს შელახულ უფლებებს.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge