საია სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებით პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხმაურება

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პატიმრობის კოდექსში მთელი რიგი ცვლილებების შეტანას. მისი ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. საიას, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ჰქონდა შესაძლებლობა ჩართული ყოფილიყო აღნიშნული კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარე სამუშაო პროცესში და სამინისტროსათვის საკუთარი პირველადი მოსაზრებები მის ინიცირებამდე მიეწოდებინა. ცვილებების ნაწილს ორგანიზაცია დადებითად აფასებს, ნაწილს კი - უარყოფითად. საია აპირებს კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები პარლამენტს უახლოეს მომავალში წერილობით მიაწოდოს.

ამჯერად გვსურს, გამოვეხმაუროთ ცვლილებათა უშუალოდ იმ ნაწილს, რომელიც სპეციალური საშუალებებს უკავშირდება. უკანასკნელ პერიოდში აღნიშნულმა საკითხმა საზოგადოებისა და მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია. სპეციალური საშულებების გამოყენება პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების ღონისძიებების ნაწილია, რომლებიც მიმართულია მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა მიერ წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისკენ. პატიმრობის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით მხოლოდ სამი საშუალების გამოყენებაა ნებადართული. ესენია: ხელბორკილი, დამაწყნარებელი პერანგი და ცეცხლსასროლი იარაღი. კანონპროექტით მათი რაოდენობა 13-მდე იზრდება და ემატება: დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი. კანონპროექტის მიხედვით, თითოეული ამ საშუალების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. აღნიშნული შემთხვევები დიფერენცირებულია კონკრეტული სპეციალური საშუალების საშიშროების გათვალსწინებით. მაგალითად, სასამსახურო ძაღლის გამოყენება შესაძლებელია პატიმრის გაქცევისას, აკრძალული ნივთების აღმოსაჩენას, გაყვანა/გადაყვანისას და თავდასხმის მოსაგერიებლად. ხოლო ცრემლსადენი გაზის, აკუსტიკური საშუალებისა და არალეტალური იარაღის გამოყენება შესაძლებელია პატიმრის მიერ გარშემომყოფთა მიმართ, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, წესრიგის მასობრივი არეულობის ან/და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, იმ დაკავებული ობიექტის დატოვების მიზნით, სადაც თავს აფარებს. 

აღსანიშნავია, რომ სპეციალური საშუალებების წარმოდგენილი ჩამონათვალი არ მოდის წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასეთი რეგულირება უცხო არ არის საქართველოს სინამდვილეშიც. მაგალითად, „პოლიციის შესახებ“ კანონით აღნიშნული უწყებისათვის (პოლიციისათვის) დღეს უფრო მეტი სპეციალური საშუალებაა განსაზღვრული, ვიდრე ზემოთ მითითებული კანონპროექტი ითვალისწინებს. მანამ, სანამ საერთაშორისო სტანდარტებთან წინააღმდეგობა არ ფიქსირდება, სახელმწიფოს დისკრეციაა განსაზღვროს, თუ რომელი ტიპის საშუალებები დასჭირდება ციხეში წარმოქმნილ სხვადახვა კრიზისულ სიტუაციებთან გასამკლავლებლად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ჩამონათვალი სხვადასხვა სიტუაციის მიხედვით  სპეციალურ საშუალებათა პროპორციული შერჩევის შესაძლებლობას იძლეოდეს და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ძალის გადაჭარბებულად გამოყენების რისკი.
 
საიას მოსაზრებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალის გვერდით საკანონმდებლო დონეზე ჩადებულ იქნეს გარანტიათა მთელი კომპლექსი, რათა პრაქტიკაში მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი მათი სწორი გამოყენება. ამ ეტაპზე ჩვენი ყურადღება სწორედ ამგვარი მექანიზმების შექმნისკენაა მიმართული. სპეციალური საშუალებების გამოყენება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მართალია, არ მოდის წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან, თუმცა, ეს სტანდარტები აწესებენ მთელ რიგ  დათქმებსა და შეზღუდვებს, რასაც სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა დაექვემდებაროს. ამ დროისათვის, კანონპროექტით გათვალისწინებულია გარკვეული სახის ბერკეტები თვითნებობისაგან დასაცავად, კერძოდ: სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს წამოქმნილი საფრთხის პროპორციული (57(1) მუხლის მე-3 ნაწილი); სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, საფრთხის აღმოფხვრისთანავე (57-ე მუხლის მე-2 ნაწილი); მათ გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებები არაეფექტურია (57(1) მუხლის მე-4 ნაწილი); დათქმებია გაკეთებული ქალებთან და არასრულწლოვნებთან მიმართებაში სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე (57(1) მუხლის მე-13 ნაწილი); ასეთი საშუალებების გამოყენების შემდეგ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობამ სამედიცინო პერსონალთან ერთად უნდა ჩაატაროს პატიმრების სამედიცინო შემოწმება და შეადგინოს შესაბამისი აქტი (57-ე მუხლის მე-4 ნაწილი) და სხვა. 
 
საიას მოსაზრებით, აღნიშნული გარანტიები არ არის სრულყოფილი და საჭიროებს დახვეწას. კანონპროექტში უკვე არსებულ მექანიზმებთან ერთად, რომლებიც მიზნად ისახავს სპეციალური საშუალებების ბოროტად და თვითნებურად გამოყენების პრევენციას, უნდა დაემატოს სხვა გარანტიებიც, კერძოდ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია კანონში პირდაპირ მიეთითოს, რომ:
 
1) სპეციალური საშუალებების გამოყენება წინასწარ შეთანხმდეს მაღალი დონის პასუხისმგებელ პირებთან, სადაც ეს შესაძლებელია;
2) სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უძღოდეს პატიმართა გაფრთხილება მათი გამოყენების შესახებ;
3) ნათლად უნდა განისაზღვროს, თუ ვინ არიან სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე უფლებამოსილი პირები;
4) მნიშვნელოვანია სპეციალური საშუალებების ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები წინასწარ იყოს განსაზღვრული მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით;
5) კანონპროექტის მიხედვით, სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებული დამატების ამოქმედება  მისი გამოქვეყნებისთანავეა გათვალისწინებული. მიგვაჩნია, რომ ამ მიდგომაზე უარი უნდა ითქვას. მნიშვნელოვანია, რომ მის ამოქმედებამდე, პირველ რიგში, შემუშავდეს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები (მაგალითად, მინისტრის ბრძანება სპეციალურ საშუალებათა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესისა და პირობების შესახებ, რომლის მისაღებადაც კანონის ამოქმედებიდან  სამთვიანი ვადაა განსაზღვრული);
6) ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური საშუალებებთან დაკავშირებული ახალი  ნორმების ამოქმედებამდე მაღალი ხარისხის ტრენინგები იქნეს უზრუნველყოფილი სისტემის თანამშრომლებისათვის, სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე.
 
აღნიშნული პრინციპული ხასიათის შენიშვნების მიღმა არსებულ საკუთარ დეტალურ მოსაზრებებს საია პარლამენტისათვის მისაწოდებელ სამართლებრივ დასკვნაში ასახავს. იმედს გამოვთქვამთ, რომ როგორც კანონპროექტის ინიციატორი და ავტორი, ასევე საქართველოს პარლამენტი გულისყურით მოეკიდებიან ამ შენიშვნებს და გაითვალისწინებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასჯელაღსრულების სისტემის პრობლემურობისა და წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ახალი ნორმების შემოღებამ შესაძლოა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სერიოზული რისკები შექმნას. 
 
აქვე გსურს აღვნიშნოთ, რომ სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებული ახალი ნორმები კიდევ უფრო მეტად აქტუალურს ხდის საკითხს პენიტენციური დაწესებულებების არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საზოგადოებრივი მონიტორინგის საჭიროების შესახებ. ამ საკითხზე მუშაობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან უკვე მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ ის დროულად და დადებითად გადაწყდება. საზოგადოებრვი მონიტორინგის დაშვება იქნება ერთ-ერთი დამცავი მექანიზმი სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებული ნორმების პრაქტიკაში სათანადოდ აღსრულებისათვის. 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge