საია სოციალურ ქსელებში მუხროვანის მოვლენების შესახებ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება

გუშინ სოციალურ ქსელსა და მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ივანე მერაბიშვილი, შემდეგი სიტყვებით მიმართავს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელებს: ,,მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსო, პრემია დიდია.“ ვიდეომასალაში ასახულია სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ირკვევა, რომ ვიდეომასალა უკავშირდება 2009 წელს მუხროვანის მოვლენების მონაწილე პირთა წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რის შედეგადაც გარდაიცვალა გია კრიალაშვილი და მძიმედ დაიჭრა ორი ადამიანი. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში იქნენ მიცემული და გამამტყუნებელი განაჩენები დადგა მუხროვანის მოვლენებში მონაწილე რამდენიმე პირის მიმართ. 
 
ივანე მერაბიშვილის მიერ სპეცრაზმელებისათვის მიცემული დავალება აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. როგორც ცნობილი გახდა, პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. ვიდეო მასალის ავთენტურობის გარკვევის შემდეგ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ როგორ დაიგეგმა მუხროვანის სპეცოპერაცია, როგორ მოხდა მისი განხორციელება და წინასწარ იქნა თუ არა მიზნად დასახული რომელიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. გამოძიება უნდა წარიმართოს ყოველმხრივ და გაირკვეს არა მხოლოდ ივანე მერაბიშვილის ბრალეულობის საკითხი, არამედ ვიდეომასალაში ასახული სხვა პირების ქმედებაში არის თუ არა დანაშაულის ნიშნები.    
 
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყოველთვის არსებობდა შეკითხვები მუხროვანის მოვლენების მონაწილეთა მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენების კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. თუმცა, პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, მის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი თუ განხორციელებული სპეცოპერაციის მიზანი უნდა იყოს შესაძლო მსხვერპლის თავიდან აცილება, მთელი ძალისხმევის იქით მიმართვა, რომ მოხდეს სავარაუდო დამნაშავეთა დაკავება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. დაუშვებელია, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა სპეცოპერაციის მიზანს წარმოადგენდეს. 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge