გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლებს, რომლებიც “ჯორჯიან-მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად მათი საცხოვრებელი გარემოსთვის მიყენებულ ზიანს აპროტესტებენ, პოლიცია კარვების გაშლის საშუალებას არ აძლევს. წვიმის მიუხედავად, კარვების გაშლის საშუალება დემონსტრანტებს არ მიეცათ 16 სექტემბრის ღამესაც.
შევახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ კარვის გაშლა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით დაცულ სფეროში ექცევა. კარვის გაშლის უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო და საერთო სასამართოების დადგენილ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობას“. იმის გათვალისწინებით, რომ საპროტესტო აქცია არის მშვიდობიანი ხასიათის, ასევე, პროტესტის ადგილზე კარვის გაშლა არ იწვევს გზის ხელოვნურ გადაკეტვას, მოძრაობის ან სხვა სახის შეფერხებას, ცალსახაა, რომ პოლიცია ბლანკეტურად კრძალავს კარვის გაშლას, რითაც არღვევს აქციის მონაწილეების შეკრების თავისუფლებას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხანგრძლივი შიმშილობის და ამინდის გათვალისწინებით, კარვის გაშლა, შესაძლოა, საჭირო იყოს პროტესტის მონაწილეებისთვის, რათა მათ შეკრების თავისუფლების რეალიზება მოახერხონ და მათი ჯანრთელობის წინაშე არსებული რისკები შეამცირონ. აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ხუთი მონაწილე 16 დღეა შიმშილობს, 28 წლის ჯამბულ მაჭარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი გუშინ დამძიმდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ დროებით მისი საავადმყოფოში გადაიყვანა გახდა საჭირო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპროტესტო აქციაზე კარვის გაშლის უფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას სახელმწიფო შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტად იყენებს. პარლამენტმა 2023 წელს მიიღო ცვლილებები შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელმაც სამოქალაქო სექტორის, საქართველოს სახალხო დამცველის და საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ეუთო/ოდირის კრიტიკა დაიმსახურა. ამჟამად საკანონმდებლო ცვლილებებს პრეზიდენტის ვეტო ადევს. ვეტოს დაძლევის და ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაუარესდება საქართველოში შეკრების და მანიფესტაციის უფლებით რეალისებასთან დაკავშირებულ სამართლებრივი სტანდარტები.
მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას საპროტესტო აქციებზე კარვების გაშლის ბლანკეტური აკრძალვის კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკაზე და შეწყვიტოს შუქრუთის მოსახლეობის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევა.
1. მაგალითად იხ. სახალხო დამცველის 2018 წლის 12 სექტემბერს განცხადება; საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის 2 ივნისის განცხადება; საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის 23 ნოემბრის განცხადება;
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge