საია შუამდგომლობით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2 საქმეზე კონსტიტუციური სარჩელების განხილვას/გადაწყვეტას მიანიჭოს პრიორიტეტი

დღეს საია-მ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა, რათა მის წარმოებაში არსებულ N1361[1] და N1510[2] კონსტიტუციური სარჩელების განხილვას/გადაწყვეტას მიანიჭოს პრიორიტეტი.

N1361 სარჩელში საია დავობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 266-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-6 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა მოსამართლეს არ ავალდებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ მოიცავს არგუმენტაციას, თუ რატომ იზიარებს სასამართლო ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს და უარყოფს სხვას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს აკისრებს იმ მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას, რომელიც მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას გამორიცხავს. კოდექსი არ ითვალისწინებს მტკიცების სტანდარტს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ მხარეებმა საკუთარი პოზიციების დაცვისას. ამასთან, იმ შემთხვევაშიც, თუ მოსამართლემ მტკიცების ტვირთის განაწილება სწორად გადაწყვიტა, პირს მაინც თავად მოუწევს საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება, ვინაიდან პოლიციას არ ევალება ნეიტრალური მტკიცებულების წარდგენა.

N1510 კონსტიტუციურ სარჩელზე სადაოდაა გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით. საქმეში წარმოდგენილი, საერთო სასამართლოთა პრაქტიკით, სავარაუდო სამართალდამრღვევს ეკისრება იმის მტკიცების ვალდებულება, რომ მას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტთან, რომლის თანახმადაც ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მბრალდებელს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, მიიღოს დასაბუთებული საოქმო ჩანაწერი საქმის სხვა საქმეებთან შედარებით პრიორიტეტულად განხილვა/გადაწყვეტის შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია, პრიორიტეტულად განიხილოს საქმეები, რომელთა გადაწყვეტაც ესაჭიროება მოსარჩელეს საკუთარი ფიზიკური თავისუფლების ხელშეუხებლობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დასაცავად ან/და რომელზეც არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ საქმის პრიორიტეტულად გადაწყვეტის საჭიროებაზე.

N1361 და N1510 კონსტიტუციური სარჩელებში, მართალია, სადავო ნორმები გასაჩივრებული არ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან მიმართებით, თუმცა, სადაოდ გამხდარი დებულებები აწესრიგებს ისეთ მნიშვნელოვან საპროცესო საკითხებს, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას შესაძლო სამართალდამრღვევისთვის თავისუფლების აღკვეთის საკითხზე. სადაოდ გამხდარი ნორმები ხშირად გამოიყენება შეკრება/მანიფესტაციების დროს დაკავებული აქტივისტების საქმეების განხილვისას და ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც აჩვენებს, რომ მათი მოქმედება არაერთ ადამიანს ეხება. ამდენად, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საქმის განხილვა/გადაწყვეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ფიზიკური თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის საპროცესო გარანტიებს, რაც მიუთითებს საქმის პრიორიტეტულად განხილვის/გადაწყვეტის საჭიროებაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უნდა განიხილოს საიას შუამდგომლობა  N1361 და N1510 სარჩელების პრიორიტეტიზაციის საკითხზე, მიიღოს დასაბუთებული საოქმო ჩანაწერი და პრიორიტეტულად მიიჩნიოს აღნიშნული საქმის განხილვა/გადაწყვეტა.

 

ამ საქმეებს საია USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს. 

 

 


[1] ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ხელმისაწვდომია: shorturl.at/lqvI5.

[2] კონსტანტინე ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ხელმისაწვდომია: shorturl.at/biswV.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge