საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა 2012 წლის 31 ივლისს შპს „სტუდია მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
მიგვაჩნია, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღება უკანონო გადაწყვეტილებაა შემდეგ გარემოებათა გამო:
- მაესტროს ქონების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია; სასამართლო არათუ აღწერს და აფასებს რაიმე მტკიცებულებას, არამედ საერთოდ არ ახსენებს არც ერთ მათგანს. განჩინებაში მოყვანილია მწირი თეორიული და ჰიპოთეტური მსჯელობა „სტუდია მაესტროს“ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ჩადენაზე. მოსამართლე, ერთი მხრივ, უთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, თუმცა, დასაბუთებაში მსჯელობს იმაზე, რომ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დანაშაულის შესაძლო ჩადენის საფუძვლით დაედო, რაც ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობაა;
- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა, არაგანჭვრეტადია. კერძოდ, ამავე კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი საუბრობს კორუფციული ქონების დაყადაღების შესაძლებლობაზე, თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს კორუფციული ქონების განმარტებას; ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებებში არ ასაბუთებს, თუ რატომ არის მაესტროს ქონება კორუფციული;
- მაესტროს არ მიეცა დაცვის უფლების სრულყოფილად განხორციელების საშუალება. ვინაიდან მაესტრო არ არის სისხლის სამართლის საქმის მონაწილე მხარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, არ აქვს უფლება, მიიღოს ან გაეცნოს საქმის მასალებს; შესაბამისად, მისთვის უცნობია, თუ რა მასალები დაედო საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებებს; ხომ არ არის ეს მტკიცებულებები ფალსიფიცირებული, უკანონოდ მოპოვებული და ა.შ.
- სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქონების დაყადაღება მაესტროს საკუთრების უფლებაში არალეგიტიმურ ჩარევას წარმოადგენს. ამასთან, იქმნება შპს ”სტუდია მაესტროს” საკუთრების უფლების განგრძობადად დარღვევის საფრთხე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე; ხოლო გამოძიება, 1641-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით, შესაძლოა გაგრძელდეს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 6 წლისა. ეს კი ნიშნავს, რომ მაესტროს კუთვნილი ქონება გამოძიების განმავლობაში 6 წლით შეიძლება დაყადაღდეს.
- ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2012 წლის 20 ივნისს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაში არ არიან იდენტიფიცირებული ბრალდებული პირები, თუმცა, ამ გამოძიების ფარგლებში უკვე დაედო ყადაღა ორი კომპანიის - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ და შპს „სტუდია მაესტროს” ქონებას - სატელიტურ ანტენებსა და სხვა ტექნიკურ მოწყობილობას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაესტროს, ისევე როგორც ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგს”, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნიათ, რაც ნიშნავს, რომ მათ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ. ”გლობალ კონტაქტს კონსალტინგის” ადვოკატებს გამოძიებამ უკვე ოფიციალურად უთხრა უარი საქმის მასალების გადმოცემაზე.
სასამართლოს მიერ მაესტროს ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, უხეშად ილახება გამოხატვის თავისუფლება და უაღრესად უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოში მედიისა და, ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს მდგომარეობაზე.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge