საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში დევნილების მასიურ გამოსახლებამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელებული ცვლილებები, რომელმაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა გამოსახლებული დევნილების დიდი ნაწილი.
კერძოდ, 2010 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის #698-ე ბრძანების საფუძველზე ცვლილებები შევიდა 2007 წლის 24 მაისის მინისტრის #747 ბრძანებაში ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ". შეტანილმა ცვლილებებმა გააუქმა 5 დღიანი ვადა, რომელიც საკუთრების სავარაუდო ხელმყოფს ოფიციალური გაფრთხილების ჩაბარებიდან ხელყოფის ნებაყოფლობით შეწყვეტისათვის ჰქონდა განსაზღვრული.
განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ,,სავარაუდო ხელმყოფი ვალდებულია გაფრთხილების ჩაბარების შემდეგ შეწყვიტოს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლა და გაიტანოს მისი მოძრავი ნივთები."
საყურადღებოა, რომ ბრძანების თანახმად, აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ცვლილებები კი მათი მიღებიდან მომდევნო დღეს, 2010 წლის 3 აგვისტოს გამოქვეყნდა ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში."
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ ბრძანებაში ცვლილებები კონკრეტული მიზნით, დევნილთა მაქსიმალურად დაჩქრებულ ვადებში გამოსახლებისთვის განხორციელდა, რამაც კიდევ უფრო მეტად გააუარესა დევნილთა მძიმე სოციალური პირობები. საქართევლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში მსგავსი ცვლილებების განხორციელება დაუშვებელი იყო შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს #698-ე ბრძანების მიღება დევნილების მასიურ გამოსახლებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა;
2. შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი სამინისტროც უშუალოდ ახორციელებს საკუთრებაში არსებული ნივთის ხელყოფის აღკვეთის შესახებ წესის აღსრულებას, შეუძლებელია უცნობი ყოფილიყო დევნილთა დაგეგმილი გამოსახლებების შესახებ;
3. დევნილებს გაფრთხილების ჩაბარებისას არ გააცნეს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს #698-ე ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებები.
4. მითითებული ბრძანების მხოლოდ 2010 წლის 3 აგვისტოს ,,საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებით, აგვისტოს დასაწყისში გამოსახლებული დევნილებისათვის მითითებული ბრძანება არ იყო სათანადოდ ხელმისაწვდომი. დევნილებს არ მიეცათ გონივრული ვადა ბრძანების გასაცნობად, რათა განესაზღვრათ მისი არსი და მათი უფლებების შეზღუდვის ფარგლები;
5. შესაბამისად, დევნილებს ლეგიტიმური მოლოდინი ჰქონდათ, რომ გაფრთხილების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეეძლოთ დაკავებული ფართების ნებაყოფლობით გამოთავისუფლება. მათი გამოსახლება კი იძულებით განხორციელდა გაფრთხილების ჩაბარებიდან მე-2 დღესვე.
საყურადღებოა ისიც, რომ მინისტრის ბრძანების მე_6 მუხლის პირველი ნაწილის დღეს არსებული რედაქცია, რომლის მიხედვითაც ,,სავარაუდო ხელმყოფი ვალდებულია გაფრთხილების ჩაბარების შემდეგ შეწყვიტოს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლა და გაიტანოს მისი მოძრავი ნივთები~ განუსაზღვრელ უფლებამოსილებას ანიჭებს პოლიციის ორგანოებს.
კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც არ არის ნათლად განსაზღვრული რა ვადაში უნდა მოხდეს ხელმყოფის გამოსახლება, პოლიციის ორგანოებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი შეხედულებისამებრ, სხვადასხვა შემთხვევაში არაერთგვაროვნად განმარტონ აღნიშნული ნორმა. იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული მუხლი არ არის ნათლად ჩამოყალიბებული, ერთის მხრივ სავარაუდო ხელმყოფი ვერ შეძლებს იმის განსაზღვრას, რა ვადაშია იგი ვალდებული დაცალოს დაკავებული ფართი და მეორეს მხრივ, მესაკუთრეს არ ექნება მტკიცე გარანტია იმისა, რომ მისი განაცხადი საკუთრების უფლების ხელშეშლის აღსაკვეთად დაკმაყოფილდება გონივრულ ვადაში.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცვლილებები შეიტანოს ბრძანებაში და დააზუსტოს გაფრთხილების ვადა, რომელიც, პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge