საია სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს

2022 წლის 14 აგვისტოს, საიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა.[1] საია ცესკოს განკარგულების ბათილობას ითხოვს. სასამართლო სხდომა 15 აგვისტოს, 16:00 საათზე გაიმართება.

გასაჩივრებულ განკარგულებაში ცესკომ არჩევნების დანიშვნის საფუძვლად მიუთითა ის ფაქტი, რომ საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, ვახტანგ წურწუმიას (პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) 2022 წლის 31 მაისიდან ვადაზე ადრე შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.

საია მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამისილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.[2] საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა არის მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების საფუძველი,[3] რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.[4] პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ამ შემთხვევაში განახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი.[5]

სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ბოლოს 2021 წლის 17 დეკემბერს შეიკრიბა.[6]ამ თარიღის შემდეგ იყო სხდომის ჩატარების 10-ზე მეტი მცდელობა, თუმცა ისინი, კვორუმის არარსებობის გამო, ვერ გაიმართა.[7] მიმდინარე წლის 9 თებერვალს სენაკის საკრებულოს 16 დეპუტატი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, შეიკრიბა საკრებულოს სხდომათა დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის გახსნის კვორუმი არ ჰქონდათ (ამისთვის საჭირო იყო 17 დეპუტატის რეგისტრაცია), მათ ჩათვალეს, რომ ისევ მოქმედებდა 2021 წლის 3 დეკემბრის კვორუმი და სხდომა უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილებები; ამ მოტივაციაზე დაყრდნობით, დეპუტატებმა ცნეს დამატებით ერთი წევრის (პროპორციული წესით არჩეული დეპუტატის ადგილმონაცვლე, გახარია საქართველოსთვის პარტიიდან) უფლებამოსილება, აგრეთვე გადაირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები.[8] ამავე შემადგენლობამ, 23 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარეც აირჩია.[9] აღნიშნული გადაწყვეტილებები პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სენაკის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა.[10] მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, ამ გადაწყვეტილებების მოქმედება სასამართლომ შეაჩერა.[11] ამჟამად საქმე კვლავ სასამართლო განხილვაშია, ხოლო სენაკის საკრებულოს სხდომის ჩატარება 23 თებერვლის შემდეგ აღარ უცდია. 

ეს საკრებულო ერთ-ერთი იყო იმ 6-დან, სადაც, არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა პარტიამ დამოუკიდებლად უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ხოლო იქ წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის არარსებობის გამო, ფუნქციონირება ვერ დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ სენაკის საკრებულოში წარმოდგენილ პარტიებს შორის ვერ მოინახა სივრცე იმ საწყისი კონსენსუსისთვის, რომელიც მხოლოდ სხდომაზე მისვლას მოიაზრებდა. ამ მუნიციპალიტეტში, ბათუმისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ პარტიის წევრები უცხადებდნენ ბოიკოტს სხდომებს, რის გამოც სხვა პარტიები სხდომის გახსნის კვორუმს ვერ აგროვებდნენ.[12] ეს მდგომარეობა თავდაპირველად გამოიწვია იმან, რომ პარტია „საქართველოსთვის“ 1-მა წევრმა დეკემბერშივე უარი თქვა მანდატზე.[13] შედეგად, მისი ადგილმონაცვლის დამტკიცებამდე, ოპოზიციის წარმომადგენლობა საკრებულოში შემცირდა იმ ოდენობამდე, რაც საკმარისი არ იყო სხდომის გახსნისთვის. სწორედ ამ ვითარებით ისარგებლა „ქართულმა ოცნებამ“ და ბოიკოტი გამოუცხადა სხდომებს. ბოლო სხდომა, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ, სწორედ 17 დეკემბერს გაიმართა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის მაისში პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, რომლის გარდამავალი რეგულირებით, ბათუმისა და სენაკის საკრებულოებში სხდომის გახსნასთან დაკავშირებული კვორუმის პრობლემა იხსნებოდა იმით, რომ საკრებულოს წევრებად ავტომატურად ჩაითვლებოდნენ საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტით ასეთად ცნობილი პირები.[14] ამის მიუხედავად, სენაკის საკრებულომ მაინც ვერ შეძლო შეკრება, ვინაიდან საკანონმდებლო ცვლილებებიდან რამდენიმე დღეში საკრებულოს ერთ-ერთმა მაჟორიტარმა წევრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მანდატი დატოვა.[15] ამ ფაქტმა სწორედ ის გადამწყვეტი 1 დეპუტატი წაართვა სენაკის საკრებულოს ოპოზიციურ ფლანგს, რომლის დასწრების შემთხვევაში ეს ორგანო შეკრებას, შემდეგ კი ფუნქციონირების დაწყებას მოახერხებდა.

საია მიიჩნევს, რომ 9 და 23 თებერვლის სხდომები სათანადო კვორუმის არარსებობის გამო ლეგიტიმური არ იყო, რის გამოც დეპუტატთა შეკრება საკრებულოს სხდომად ვერ ჩაითვლებოდა.[16] შესაბამისად, სენაკის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისიდან უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდა (6 თვე ბოლო, 17 დეკემბრის შეკრებიდან). ამდენად, ამ თარიღიდან ავტომატურად გაჩნდა საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, რის შემდეგაც მთავრობა ვალდებული იყო გამოეცა სამართლებრივი აქტი ამ მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ. ეს გარემოება კი, თავის მხრივ, არის ამ მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წინაპირობა, რომელიც, კანონის მიხედვით, 2023 წლის აპრილში უნდა გაიმართოს.[17]

ამდენად, ორგანიზაციის აზრით, 6 თვის განმავლობაში სენაკის საკრებულოს არ შეკრება უკვე არის ავტომატური საფუძველი ამ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისათვის, ხოლო ცესკოს მიერ არალეგიტიმური ორგანოს შემადგენლობის შესავსებად შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება.

 


[1] „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გასამართი თვითმმართველის თემის - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს N153/2022 განკარგულება, ცესკოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3dtpoxn, განახლებულია: 13.08.2022.

[2] ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, 142-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.

[3] იქვე, 144-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

[4] იქვე, 143-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

[5] იქვე, 144-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

[6] ნინო კაპანაძე, „უმცირესობა უმრავლესობაში, პროცედურული ომი და არჩევნების შემდგომი კრიზისი საკრებულოებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2022, გვ. 19-20, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Al60M0, განახლებულია: 13.08.2022.

[7] იქვე.

[8] „გადაწყვეტილება კვორუმის გარეშე? - რა მოხდა სენაკის საკრებულოში, საინფორმაციო პორტალი „რადიო თავისუფლება“, 2022 წლის 10 თებერვალი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/31696415.html, განახლებულია: 13.08.2022 

[9] „ოპოზიციამ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე პროცედურული დავის ფონზე აირჩია“, საინფორმაციო პორტალი „civil.ge“, 2022 წლის 23 თებერვალი, ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/474544, განახლებულია: 13.08.2022.

[10] „„ქართული ოცნება“ სასამართლოს მიმართავს – სენაკის საკრებულოში დავა გრძელდება“, საინფორმაციო პორტალი „netgazeti.ge”, 2022 წლის 23 თებერვალი, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/592988/, განახლებულია: 13.08.2022.

[11] სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის N2/22-2022 განჩინება „სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ“.

[12] იხ. „უმცირესობა უმრავლესობაში, პროცედურული ომი და არჩევნების შემდგომი კრიზისი საკრებულოებში“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გვ. 19-21.

[13] „გახარია საქართველოსთვის“ სენაკის საკრებულოს წევრმა დეპუტატის მანდატი დატოვა“, საინფორმაციო პორტალი „Livepress.ge”, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3w194KV, განახლებულია: 13.08.2022.

[14] „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.018029), მე-2 მუხლი.

[15] „სენაკის საკრებულოს წევრმა, ვახტანგ წურწუმიამ, რომელიც, ენმ-ს წევრების განცხადებით, დილიდან გაუჩინარებული იყო, მანდატი დატოვა, საინფორმაციო პორტალი „რუსთავი 2“, 2022 წლის 30 მაისი, ხელმისაწვდომია: https://rustavi2.ge/ka/news/230408, განახლებულია: 13.08.2022.

[16] „უმცირესობა უმრავლესობაში, პროცედურული ომი და არჩევნების შემდგომი კრიზისი საკრებულოებში“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

[17] საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 1541 მუხლის მე-2 პუნქტი.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge