საია სასამართლო პროცესების ფოტო-ვიდეო-აუდიო ჩაწერის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და პრაქტიკას აფასებს

2014 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის პრეზენტაცია გამართა  სახელწოდებით -  ,,სასამართლო პროცესების ფოტო-ვიდეო-აუდიო ჩაწერის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი 2013 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე.”
 
აღნიშნული კვლევა საიას მიერ განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.
 
კვლევა მიზნად ისახვას შეაფასოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2013 წელს განხორციელებული ცვლილება, რომლის საფუძველზეც, საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ მედია საშუალებებს სასამართლო პროცესების ფოტო-ვიდეო- აუდიო ჩაწერის უფლება მიენიჭათ; გააანალიზოს თუ როგორ მუშაობს აღნიშნული ცვლილებები პრაქტიკაში,  რა ხარვეზები და გამოწვევები ახლავს თან ამ პროცესს და როგორ აისახება ეს ყოველივე მედიის და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობაზე.
 
საიას მიერ განხორციელებული კვლევა ეფუძნება როგორც მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების ანალიზს, ასევე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით მოპოვებული ინფორმაციისა და ჟურნალისტებთან გასაუბრებების დროს იდენტიფიცირებული კარგი პრაქტიკის მაგალითებისა და პრობლემების განხილვას.
 
კვლევის შედეგად, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გამოიკვეთა ის გარემოება, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება პროცესების გადაღების უფლებას მხოლოდ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე მედია საშუალებებს აძლევს, ხოლო ისეთი მნიშვნელოვანი მედია საშუალებები, როგორებიცაა ონლაინ მედია-გამოცემები, რეგიონული მედია საშუალებები და  საგამოძიებო ჟურნალისტური სტუდიები, ამ უფლების მიღმა რჩებიან. მართალია, ის მედია საშუალება, რომელიც პროცესის  გადაღებას აწარმოებს. ვალდებულია, გადაღებული მასალა მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდონ სხვა მედია საშუალებებს, თუმცა, პრაქტიკაში პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე მედია საშუალებებს ხშირად საერთოდ არ გააჩნია ინტერესი იმ სასამართლო პროცესებისადმი, რომლებიც საინტერესოა სხვა მედია საშუალებებისათვის. ამის გამო, ონლაინ მედია გამოცემები, რეგიონული მედია საშუალებები და საგამოძიებო ჟურნალისტები ხშირად მათთვის საინტერესო პროცესების შესახებ ვიდეო მასალის გარეშე რჩებიან. მათივე თქმით, უხარისხო და მედიისათვის გამოუსადეგარია პროცესების ის ვიდეო ჩანაწერებიც, რომელსაც, კანონით დადგენილი ვალდებულების საფუძველზე, თავად სასამართლო აწარმოებს.
 
ჟურნალისტების ნაწილს ასევე გაუმართლებლად მიაჩნია საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მინიჭებული უპირატესი უფლებამოსილება, აწარმოოს პროცესის გადაღება, რაც სხვა დაინტერესებულ მედია საშუალებებს ამ უფლებას ავტომატურად და მთელი პროცესის განმავლობაში ართმევს.
 
ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ასევე სასამართლოების თავმჯდომარეთა ბრძანებებით დადგენილი ვალდებულება, რომლის თანახმადაც დაინტერესებულმა მედია საშუალებამ პროცესის დაწყებამდე სულ ცოტა ერთი საათით ადრე, წერილობით უნდა მიმართოს სხდომის თავმჯდომარეს კონკრეტული სასამართლო პროცესის გადაღების უფლების მოსაპოვებლად. როგორც კვლევამ აჩვენა, აღნიშნული ნორმის პრაქტიკაში გამოყენება არაერთგვაროვანია. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ამ ნორმაზე აპელირებით მოხდა მედიისათვის უარის თქმა სასამართლო პროცესის გადაღებაზე, ამგვარად, მედიისათვის კანონით მინიჭებული უფლება შეიზღუდა იერარქიულად კანონზე დაბლა მდგომი აქტის საფუძველზე.
 
კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ასევე სხვა საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომლებმაც შესაძლოა, ხელი შეუშალონ სასამართლო პროცესების შესახებ მედიის მიერ ინფორმაციის დროულ და სრულყოფილ მოპოვებას და შესაბამისად - საზოგადოებისათვის მიწოდებას. 
კვლევის ბოლოს გამოთქმულია რეკომენდაციები საკანონმდებლო ბაზის შემდგომი დახვეწის მიმართულებით.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge