საია საქართველოს პროკურატურიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართა საქართველოს პროკურატურის რამდენიმე მაღალმა თანამდებობის პირმა, რომლებიც დაკავებული თანამდებობებიდან მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ გათავისუფლდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ მოსთხოვეს გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ მოთხოვნას ძირითადად ახალი მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი, აჟღერებდა, რომელიც თანამშრომლებს საკუთარ კაბინეტში იბარებდა და გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას ითხოვდა. თუმცა, როგორც მომმართველები აღნიშნავენ, არცერთ მათგანს არ განუმარტავედნენ, თუ რა იყო მსგავსი მოთხოვნის მიზეზი. 

აღსანიშნავია, რომ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძირითადად ათავისუფლებენ იმ პირებს, ვინც ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის, დროს დაინიშნნენ თანამდებობებზე. ცვლილებები შეეხო არა მხოლოდ მთავარი პროკურორის მოადგილეებს, არამედ სხვა თანამდებობის პირებსაც, მაგალითად: მადონა ღიბრაძე, გენერალური ინსპექციის უფროსი, ლევან გზირიშვილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი; ხათუნა კალანდაძე - საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ეკატერინე ებანოიძე - საფინანსო სამმართველოს უფროსი, კახა წერეთელი - შსს-ს ტერიტორიულ ორგანოებზე საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი და ა.შ. მოწოდებული ინფორმაციით, ცვლილებები ქვედა რგოლებშიც ინტენსიურად ხორციელდება. აღსანიშნავია ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, ლევან ბუაძის, შემთხვევა. ჩვენი ინფორმაციით, მას ასევე მოსთხოვეს განცხადების დაწერა, რაზეც უარი განაცხადა. დაძაბულ საუბარს მოჰყვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რის შემდეგაც პროკურტურაში გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება. 
 
ცხადია, საკადრო ცვლილებები პროკურატურაში, ისევე როგორც სხვა უწყებაში, შესაძლებელია განხორციელდეს. თუმცა, ეს მხოლოდ კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს. მართალია, ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს პირადი განცხადების საფუძველზე დათხოვნას, თუმცა, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ პირადი განცხადება უნდა დაიწეროს მუშაკის საკუთარი ნამდვილი ნების და არა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის კატეგორიული მოთხოვნების შემდეგ. ამასთან, ზემოაღნიშნული კანონის 35-ე მუხლის თანახმად ,,პროკურატურის მუშაკი თავის სამსახურებრივ სამიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება გადაყენებულ იქნეს ან გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა". 
 
გასათვალისწინებელია ის რეალობა, რომ ასობით მოქალაქეს შეტანილი აქვს პროკურორების წინააღმდეგ საჩივრები, სადაც აღწერილია ის სავარაუდო კანონდარღვევები, რასაც პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან წინა წლებში ადგილი ჰქონდა. ვფიქრობთ, აუცილებელია აღნიშნულ საჩივართა გულდასმით შესწავლა და თუ დადასტურდა სამართალდარღვევის ნიშნები, ცხადია, შესაძლებელია არა თუ თანამდებობიდან გათავისუფლება, არამედ, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც. თუმცა, როგორც აღინიშნა, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძირითადად თავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც თანამდებობაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნენ  და ვის მიმართაც, მაღალი ალბათობით, მსგავსი საჩივრები დაწერილი არ არის.
 
ჩვენ მივმართავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ- მინისტრს, როგორც მთავარი პროკურორის შერჩევასა და დანიშვნაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს, დაინტერესდნენ პროკურატურაში განვითარებული მოვლენებით. 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge