საია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს საკომპენსაციო თანხების გაცემისაკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს 2011 წლის 28 თებერვალს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის  საკომპენსაციო თანხების (10 000 აშშ დოლარი) გაცემას ეხება.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, "ეგრეთწოდებული კომპენსაციების გაცემა დასრულებულია, რადგან იგი გავრცელდა მხოლოდ 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შემდგომ უსახლკაროდ დარჩენილ იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე, რომლებსაც ჰქონდათ დანაზოგი და სახელმწიფოს მიერ დამატებული  კომპენსაციით შეძლეს საცხოვრებელი ფართების შეძენა." "ეგრეთწოდებული კომპენსაციების თემა ამოწურულია, მიმდინარეობს რეგიონებში ფართების განაწილება."

იმ პირობებში, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა ნაწილს, რომლებმაც კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინეს განცხადებები სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართების  სანაცვლო კომპენსაციის მისაღებად, თანხა დღემდე არ მიუღიათ, მიგვაჩნია, რომ სამინისტროს ზემოთ მოყვანილი პოზიცია  ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2008 წლის #915-ე, 2009 წლის 24 ივლისის #534-ე და 2010 წლის 3 ივლისის #856-ე განკარგულებებს და არღვევს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. კერძოდ, დასახელებული განკარგულებების თანახმად, "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ უნდა მოახდინოს 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის  ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართების მიღებაზე". ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, "საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება."

აქედან გამომდინარე, საიასათვის მიუღებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებაში დაფიქსირებული პოზიცია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს სამინისტროს შეასრულოს ზემოთ დასახელებული განკარგულებებით დაკისრებული ვალდებულება ყველა იმ ოჯახთან მიმართებაში, რომელთაც კანონმდებლობა კომპენსაციის მიღების უფლებას ანიჭებს და დააკმაყოფილოს ისინი საკომპენსაციო თანხით.



ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge