საია საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანას. მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდება და პირი არ იცნობა სამართალდამრღვევად, ამ პირისათვის ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავების ქმედების უკანონობა დადგინდება.
სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედი რედაქციის მიხედვით, სახელმწიფო მოსამსახურეების ბრალის მიუხედავად ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შემთხვევაში. აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების ეფექტური მექანიზმის უზრუნველყოფა პირისთვის, რადგან მას უწევს მისი კონსტიტუციური უფლებების გაუმართლებლად შეზღუდვის ატანა, მიუხედავად იმისა, რომ უფლების შემზღუდველი ღონისძიება გამოყენებული იყო კანონიერად.
აღნიშნული ნორმის ნაკლოვანებას წარმოადგენს ის, რომ იგი არ მოიცავს ადმინისტრაციულ დაკავებას, როგორც სახელმწიფო მოსამსახურეთა ბრალის მიუხედავად ზიანის ანაზღაურების საფუძველს, რის გამოც, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შემთხვევაში, პირს არ აუნაზღაუდება ზიანი, თუ არ დადგინდება უფლების შემზღუდველი ღონისძიების უკანონობა, მიუხედავად იმისა, რომ მის უფლებაში ჩარევა საბოლოოდ გაუმართლებელი აღმოჩნდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიმართავს საქართველოს პარლამენტს და მოუწოდებს ცვლილება შეიტანოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილში და განისაზღვროს, რომ ადმინისტრაციული დაკავება წარმოადგენს რეაბილიტირებული პირისთვის ზიანის ანაზღაურების საფუძველს, მიუხედავად სახელმწიფო მოსამსახურის ბრალისა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge