საია სამართალდამცავ ორგანოებს ისნის რაიონის გამგებლის მოადგილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტის გამოძიებისაკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სამართლებრივი დახმარებისათვის მომართა ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგებლის მოადგილემ, ბესიკ დონაძემ და განაცხადა, რომ სამსახურის დატოვების მოთხოვნით მასზე ზეწოლა ხორციელდება. ბესიკ დონაძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა და მტკიცებულებები წარუდგინა.

ბესიკ დონაძის განცხადებით, 2014 წლის აგვისტოს თვიდან მასზე სისტემატური ზეწოლა ხორციელდება, რათა მან თანამდებობა ,,ნებაყოფლობით" დატოვოს. ბ.დონაძე ზეწოლის მიზეზად მის პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებს. მისი განცხადებით, ისნის გამგებელი არ ასწრებს სამსახურეობრივ თათბირებს და ცდილობს მის საქმიდან ჩამოშორებას, არ უშვებს კუთვნილ შვებულებაში, ადგილი აქვს მის წინააღმდეგ  სამართლებრივი დევნის დაწყების მუქარას. როგორც ბესიკ დონაძე აცხადებს, პირადი ინიციატივით სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დააწერინეს ისნის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ 40 - მდე ადამიანს, განცხადებებზე არ არის მითითებული მათი დაწერის თარიღები, რაც ზემდგომი თანამდებობის პირებს ნებისმიერ დროს ამ განცხადებათა გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. ბ.დონაძის განცხადებით, დღემდე გაურკვეველია აღნიშნული განცხადებების დამწერი ადამიანების ბედი.
  
როგორც ბ.დონაძე მიუთითებს, მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა ისნის გამგებლის, ვახტანგ ქიზიყურაშვილის, გამგეობის აპარატის უფროსის - ნოდარ გოგოხიას, ასევე გამგეობის სხვა თანამდებობის პირების - ჯუმბერ ახვლედიანისა და გელა კვირიკაძის მიერ.  გამგებლის მოადგილე განმარტავს, რომ მის მიმართ ბოლო ზეწოლის ფაქტს ადგილი ჰქონდა 30 სექტემბერს, როდესაც გამგებლის კაბინეტში მას სამსახურიდან წასვლას გამგებელთან ერთად  თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატები - ილია ჯიშკარიანი და ზურაბ ნეფარიძეც აიძულებდნენ.
 
ბ.დონაძემ საიას იურისტებს გააცნო აუდიო ჩანაწერები. ერთ-ერთი ჩანაწერიდან ისმის საუბარი შემდეგი ფრაზებით: „თქვენი დრო წავიდა,“ „ქართველმა ხალხმა თქვენ განაჩენი გამოგიტანათ,“ „მოგიწევს გამომძიებელთან და პროკურორთან ჯდომა,“ „თქვენ აქ ვერ იმუშავებთ,“ „ჩაგყვები მიწაში“, ,,1500 კაცი ელოდება შენი განცხადების დაწერას და ზემოთ ხალხი ნერვიულობს“  და სხვა. ბ.დონაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ სიტყვებს გამგებელი და საკრებულოს დეპუტატების მისი მისამართით ამბობენ. ჩანაწერში ასევე საუბარია მოახლოვებულ ატესტაციაზე. ბ.დონაძის მითითებით ისმის გელა კვირიკაძის (ექსპერტ-კონსულტანტი) ხმა, რომელიც ამბობს, რომ ,,სულ რომ ვუნდერკინდი იყო, ატესტაციას მაინც ვერ ჩააბარებ“.
 
საყურადღებოა ის გარემოება, რომ ბ.დონაძის მითითებით აღნიშნულ ჩანაწერებში დაფიქსირებულია, რომ გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი საყვედურს გამოთქვამს, თუ რა უნდოდა მას „იურისტთა კავშირში“ და ეუბნება, რომ შეუძლია დაუსახელოს კონკრეტული დღეები და საათები, როდესაც ის საიას თბილისის ოფისში იმყოფებოდა. 
პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, აკრძალული ქმედებაა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას წარმოადგენს. 
 
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, შეისწავლონ ბესიკ დონაძის მიმართ განხორციელებული ზეწოლა და მოახდინონ სათანადო რეაგირება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი უკანონო ქმედება (ზეწოლა, მუქარა, დაშინება), რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ადგილობრივი თვითმმართველობაში დასაქმებული საჯარო მოხელეების მიმართ უნდა იყოს დროულად, ეფექტურად და მიუკერძოებლად შესწავლილი და გამოძიებული.
 
ასევე მოვუწოდებთ ნებისმიერ საჯარო მოხელეს, მათზე ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევაში არ დაწერონ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნოთ და დაუკავშირდნენ საიას სათაო თუ რეგიონულ ოფისებს.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge