2017 წლის 22 სექტემბერს საია სამოქალაქო აქტივისტების, ნატა ფერაძის და კონსტანტინე გურულის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ერთადერთი კანონია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელს არის მიღებული და დღემდე მოქმედებს. აღნიშნული კოდექსი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და მისი არსებული ფორმით მოქმედება იწვევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.
მრავალ პრობლემურ საკითხთაგან ერთ-ერთია 173-ე მუხლი, რომლითაც სამართალდარღვევად მიიჩნევა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. პრაქტიკის თანახმად, ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავება სწორედ ამ საფუძვლით ხდება. ამ მუხლის საფუძველზე, სასამართლო მოქალაქის მიერ პოლიციელის მოქმედების საპასუხოდ განხორციელებულ ქმედებას სამართალდარღვევად აფასებს ისე, რომ არ ამოწმებს თავად პოლიციელის მოქმედების კანონიერებას, რომელიც წინ უსწრებდა მოქალაქის ქმედებას, ან, თუ ამოწმებს, შემოწმება ატარებს ფორმალურ ხასიათს. ასეთ დროს სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმის დადგენით, აქვს თუ არა პოლიციას, ზოგადად, კონკრეტული ქმედების განხორციელების უფლება და არ მსჯელობს, რამდენად სწორად გამოიყენა პოლიციამ კანონით მინიჭებულ უფლება კონკრეტულ განსახილველ შემთხვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლში არ წერია ის, რომ სამართალდარღვევის საქმის განმხილველი სასამართლო არ უნდა შევიდეს კონკრეტულ ვითარებაში პოლიციის მოთხოვნის წარდგენის კანონიერების შემოწმებაში, სასამართლოები ნორმის განმარტებას სწორედ ამგვარად ახდენენ.
ნორმის ამგვარი განმარტება სახიფათოა და პოლიციელთა თვითნებური ქმედებების წახალისებას უწყობს ხელს. როდესაც პოლიციელი დარწმუნებულია, რომ მისი მოთხოვნის კანონიერებას სასამართლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ფარგლებში არ შეამოწმებს, ეს მას აძლევს შესაძლებლობას, უსაფუძვლოდ დააკავოს პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით.
საია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის იმგვარი განმარტება, როგორც ეს სასამართლო პრაქტიკით ხდება, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას სამართლიან სასამართლოზე და მის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
საია ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დროულად დაიწყოს ადმინისტრაციცულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა, რათა კანონმდებლობის ეს ნაწილი შესაბამისობაში მოვიდეს როგორც საქართველოს კონსტიტუციცასთან, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge