საია სახალხო დამცველთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სურს რამდენიმე განმარტება გააკეთოს ენერგეტიკის სამინისტროs მიერ სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. 
 
განცხადებაში აღნიშნულია:
„ხუდონჰესის" პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის და აუცილებლობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ... სცილდება სახალხო დამცველის უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებს.
 
სამინისტრო მართალია, როცა აცხადებს, რომ საკითხის გადაწყვეტა სახალხო დამცველის კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებს სცდება. თუმცა, საკითხის გადაწყვეტის მცდელობა სახალხო დამცველს არც ჰქონია. ხოლო ,,ხუდონჰესის" პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის და აუცილებლობის საკითხის განხილვა“  და მასში მონაწილეობა, განსაკუთრებით კი იმის შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება ამ საკითხის განხილვის პროცესი - როგორც შინაარსობრივად, ასევე პროცედურულად - საქართველოს კანონმდებლობას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, სახალხო დამცველის არამხოლოდ უფლებამოსილებას, არამედ ვალდებულებასაც წარმოადგენს. 
 
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია:
„სახალხო დამცველი კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას. შესაბამისად ასეთი ფაქტების არარსებობის პირობებში, ან თუნდაც სათანადო წესით ასეთი ფაქტების დადგენამდე, სახალხო დამცველის მხრიდან საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება, მით უმეტეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტთან დაკავშირებით, უხერხულად მიგვაჩნია.“ 
 
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“
 
შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისიმიერი პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის და აუცილებლობის საკითხის განხილვა და შეფასება აუცილებლად უნდა მოიცავდეს მსჯელობას და ანალიზს იმ საკითxზე, ხომ არ უქმნის ესა თუ ის პროექტი საფრთხეს ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ პრინციპს, და შესაბამისად - ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. 
 
ადამიანის უფლებებისათვის კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით მინიჭებული ესოდენ მაღალი ღირებულება ავალდებულებს როგორც სახალხო დამცველს, ასევე სხვა უფლებადამცველებს, პოზიცია დააფიქსიროს და აზრი გამოთქვას, მათ შორის, მოუწოდოს ხელისუფლებას განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები ან თავი შეიკავოს მათი განხორციელებისაგან. ასეთი ვადებულება არსებობს არამხოლოდ მაშინ, როცა იარსებებს ადამიანის უფლებათა დარღვევის უტყუარად დადასტურებული ფაქტები, არამედ მაშინაც, როცა გაჩნდება ამ უფლებათა ხელყოფის საფრთხე. "ხუდონჰესის" პროექტი თავისი მასშტაბით და სპეციფიკით, როგორც არაერთი ქვეყნის გამოცდილება გვიჩვენებს, ასეთ საფრთხეს თავისთავში ბუნებრივად მოიცავს  (თუმცა, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ეს საფრთხე აუცილებლად რეალიზდება). 
 
ევროკავშირის სახელმძღვანელო მითითებებში აღნიშნულია: „ადამიანის უფლებათა დამცველების მუშაობა ხშირად მთავრობის პოლიტიკისა და მოქმედებების კრიტიკას მოიცავს, მაგრამ ეს ხელისუფლებამ ნეგატიურად არ უნდა აღიქვას. ხელისუფლების პოლიტიკისა და მოქმედებების თაობაზე დამოუკიდებელი შეხედულებებისა და თავისუფალი დებატების შესაძლებლობის დაშვების პრინციპი ფუნდამენტალური ღირებულებაა და ის ადამიანის უფლებათა დაცვის დონის ამაღლების გამოცდილ გზას წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა დამცველებს შეუძლიათ დაეხმარონ ხელისუფლებებს ადამიანის უფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში. კონსულტაციების პროცესის ფარგლებში მათ შეუძლიათ ითამაშონ გადამწყვეტი როლი შესაბამისი კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული გეგმებისა და სტრატეგიების მომზადებაში. საჭიროა ამ როლის აღიარება და მხარდაჭერა.“ შესაბამისად, სახალხო დამცველის თუ სხვა უფლებადამცველთა მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულება არ უნდა იქნას აღქმული, როგორც „დისკრედიტაციის მცდელობა“ (როგორც ეს სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული).
 
გარდა ზემომითითებულისა, იმავე განცხადებაში ასევე ნათქვამია: 
,,ღიად ვაცხადებთ, სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა ყველა მონაწილე მხარისთვის..., კონსტრუქციულ დისკუსიაში მონაწილეობაზე სამინისტროს არასოდეს უარი არ უთქვამს და ჩვენთვის ამის მითითება უბრალოდ ზედმეტად მიგვაჩნია".
 
აღიარებულია, რომ თავისი იურისდიქციის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის და მომხდარ ფაქტებზე რეაგირების უპირველესი ვალდებულება სახელმწიფოს აკისრია. აქედან გამომდინარე, სწორედ სახელმწიფოა  ვალდებული, რომ ნებისმიერი ინვესტორი კომპანიის მიერ ქმედებების განხორციელებისას უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათ შორის, მოსახლეობის ინფორმირებულობა და ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. (როგორც ეს დადგენილია საქართველოსთვის სავალდებულო ორჰუსის კონვენციით). შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სამინისტრო არ უნდა შემოიფარგლოს კონსტრუქციულ დიალოგში მონაწილეობით. მისი, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის როლი, ასეთი დიალოგის პროaქტიულად ფასილიტაციასა და უზრუნველყოფაში, ადგილობრივი მოსახლეობისათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის ხელშეწყობასა და მათი ინტერესების დაცვაში მდგომარეობს. 
 
 
 
 
 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge