საია საჯარო დაწესებულებებს ღიაობისაკენ მოუწოდებს

2016 წლის აპრილში, საიას მიმართა TSpress-ის წარმომადგენელმა და მიუთითა ფოთის მერიის მიერ მედიის წარმომადგენლების საჯარო შეხვედრაზე არ დაშვების ფაქტზე. TSpress-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ აღნიშნული შეხვედრა ეხებოდა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, რის გამოც რამდენიმე ოჯახს, ჭერიდან წვიმის დროს წყალი ჩაუვიდა. აღნიშნული ფაქტი შესაძლოა წარმოადგენდეს საქართველოს კანონმდებლობით დაცული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას.

კერძოდ, საიას მიმართეს TSpress-ის წარმომადგენლებმა და აღნიშნეს, რომ 2016 წლის 5 აპრილს, ფოთის მერის მიერ გამართულ საჯარო შეხვედრაზე მოსახლეობასთან, TSpress-ის ჟურნალისტი და ოპერატორი არ შეუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრიდან გამოსულმა მოქალაქეებმა დაადასტურეს, რომ მათ სურდათ მედიის დასწრება შეხვედრაზე (რაც დასტურდება TSpress-ის მიერ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერით).

საია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია საჯარო დაწესებულებების ღიაობა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველა მსურველისათვის. მსგავსი ფაქტები ლახავს მედიის უფლებებს და უარყოფითად აისახება მის სამუშაო გარემოზე.  

საია მოუწოდებს ყველა ადგილობრივი და ცენტრალური საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს ღიაობისაკენ და მოუწოდებს მათ არ შეუზღუდონ მოქალაქეების მიერ ინფორმაციის მიღებისა და ინფორმაციის გავრცელების კონსტიტუციური უფლებები.

საია კვლავაც განაგრძობს მედია გარემოზე დაკვირვებას. ამ მიზნით, ორგანიზაცია ამზადებს კვლევას, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge