საია საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის უფლებამოსილების გაზრდას კრიტიკულად აფასებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო განხილვისათვის წარადგინესზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანია საჯარო სკოლებში უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესება მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებებისა და ფუნქციების გაზრდის გზით. საია დადებითად აფასებს საჯარო სკოლებში პრევენციული ღონისძიებების დანერგვას უსაფრთხოების სისტემის გაზრდის მიზნით, თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ პრევენციულმა ღონისძიებებმა  დაიცვას გონივრული ბალანსი და  არ გამოიწვიოს ბავშვის უფლებების არასათანადო და დაუსაბუთებელი შეზღუდვა. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი მანდატურს ანიჭებს საპოლიციო კონტროლისათვის დამახასიათებელ უფლებამოსილებებს, საია მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეაფასოს მათი მიზანშეწონილობა და პროპორციულობა.

საია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტში წარმოდგენილ შემდეგ საკითხებზე: ) მანდატურის მიერ არასრულწლოვანის ზედაპირული დათვალიერება; ) მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება; ) მანდატურის მიერ მოსწავლის შეყოვნების მექანიზმის გამოყენება; ) მოსწავლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

ა) მანდატურის მიერ არასრულწლოვანის ზედაპირული დათვალიერება - კანონპროექტის თანახმად, „ზედაპირულმა დათვალიერებამ“ ჩაანაცვლა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული „პირადი გასინჯვა.“ იმის მიუხედავად, რომ მათი მიზანი იგივე დარჩა, ზედაპირული დათვალიერებისას გაიზარდა მანდატურის მოქმედების სფერო და უფლებამოსილებები და შემცირდა მტკიცების სტანდარტი.

პირველ რიგში, კანონპროექტით გაფართოვდა ზედაპირული დათვალიერების გამოყენების არეალი და გავრცელდა არა მხოლოდ მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის დარღვევაზე, არამედ დაემატა „შესაძლო სამართალდარღვევა,“ რომლის განმარტება კანონის პროექტში არ არის წარმოდგენილი და ბუნდოვანია. გარდა ამისა, ზედაპირული დათვალიერების საფუძვლად განისაზღვრა „საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის“ და შემცირდა პირადი გასინჯვისას არსებული „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტი. ასევე, ზედაპირულ დათვალიერებას ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე სკოლის ადმინისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მაშინ როდესაც, პირადი გასინჯვა შეიძლება ჩატარებულიყო მხოლოდ დირექტორის ან დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.

ბ) მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

ანონპროექტი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც მანდატურის მიერ ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორისაა: ა) სამართალდარღვევის აღკვეთა; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირის თავდასხმის მოგერიება; გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს მისთვის წინააღმდეგობის გაწევა; დ) სამართალდამცავი ორგანოსათვის წარსადგენად დამნაშავის შეპყრობისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირი მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფებს.

მიგვაჩნია, რომ მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება სამსახურებრივი უფლებამოსილებისას მისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო უპირობოდ არ უნდა იყოს შესაძლებელი და მანდატურს არ უნდა ჰქონდეს ფართო უფლებამოსილება შეაფასოს ესე თუ ის ქმედება გამოიწვევს თუ არა მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლას. პირველ რიგში, კანონპროექტმა უნდა დაადგინოს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მანდატურისათვის წინააღმდეგობის გაწევად. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ მანდატურს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის ხელის შეშლის გამო, ფიზიკური ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა შეეძლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი უწევს ფიზიკურ წინააღმდეგობას და საფრთხეს უქმნის მანდატურის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და არა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე არ ემორჩილება მანდატურის მოთხოვნას.

გ) მანდატურის მიერ მოსწავლის შეყოვნების მექანიზმის გამოყენება - კანონპროექტი ითვალისწინებს მანდატურის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩამდენი მოსწავლის მიმართ შეყოვნების მექანიზმის გამოყენებას, რაც გულისხმობს მოსწავლის განცალკევებას სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანდასწრებით.

მიგვაჩნია, რომ შეყოვნების მექანიზმი მანდატურს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს და არსებობს რისკი, რომ მისი პრაქტიკაში გამოყენება ბავშვის უფლებების არაგონივრული შეზღუდვის ხარჯზე მოხდეს. იმის გათვალისწინებით, რომ შეყოვნების მექანიზმი არის არასრულწლოვანის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები, წესი და პროცედურა დეტალურად იყოს გაწერილი კანონით და არა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ მიღებული კანონქვემდებარე აქტით. ასევე, კანონპროექტმა უნდა გაითვალისწინოს არასრულწლოვანის სამართლებრივი დაცვის გარანტიები, მათ შორის შეყოვნების მექანიზმის გამოყენებისას შესაბამისი ოქმის შედგენა და მისი გასაჩივრების შესაძლებლობა არასრულწლოვანის წარმომადგენლის მიერ.

გ) არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების დაცვა

კანონპროექტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობებით გათვალისწინებული კატეგორიის სკოლაში უნდა განხორციელდეს სკოლის გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოთვალთვალი პირის უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით. ვიდეოთვალთვალის სისტემის ადმინისტრირებას ახორციელებს მანდატური. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას სკოლაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზა, რომელზეც დაშვება აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ვიდეოთვალთვალის საჭიროების მქონე კატეგორიის სკოლების განსაზღვრა. ასევე, კანონპროექტში არ არის მითითებული, თუ რა ტიპის ინფორმაცია იქნება ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში შეტანილი, იქნება ეს მხოლოდ სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია თუ ასევე მოიცავს არასრულწლოვანის პირად მონაცემებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებულ კანონპროექტზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული პირების აქტიური ჩართულობით, რათა კანონპროექტის ტექსტი  საქართველოს პარლამენტში წარდგენამდე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.

იმედი გვაქვს, რომ კანონპროექტის ავტორები გაითვალისწინებენ საიას შეთავაზებებს და უზრუნველყოფენ უსაფრთხოებასა და ბავშვის უფლებებს შორის გონივრული ბალანსის დაცვას. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge