საია საარჩევნო კანონმდებლობის ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა, სადაც მოსარჩელე მხარეს თავად საია წარმოადგენს.  საიას არაკონსტიტუციურად მიაჩნია ,,საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე ,,საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ცესკოს N8/2012 დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მიმართებით. 

გასაჩივრებული ნორმები ერთი მხრივ ადგენენ უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც შეუძლიათ განიხილონ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული განაცხადი/სარჩელი და მიიღონ გადაწყვეტილება, ხოლო მეორე მხრივ, განსაზღვრავენ აღნიშნული გადაწყვეტილების ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და შემდეგ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. 

მართალია, სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენენ საარჩევნო განცხადება/საჩივრის განხილვის უფლებამოსილებას, თუმცა სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის შემთხვევაში არ ითვალისწინებენ გასაჩივრების შესაძლებლობას. საიას სადავოდ გამხდარი ნორმების სწორედ ის ნორმატიული შინაარსი მიაჩნია არაკონსტიტუციურად, რომელიც მას, როგორც სადამკვრვებლო ორგანიზაციას, არ აძლევს უფლებას სასამართლოში გაასაჩივროს ,,საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უარი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის საფუძველზე გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ ამოცანას საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების გზით საარჩევნო პროცესის გაჯანსაღების ხელშეწყობა წარმოადგენს. შესაბამისად, მის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს, გაერთიანების უფლების ფარგლებში დააკვირდეს საარჩევნო პროცესს და განცხადებით/საჩივრით მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით. 

საიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილი პირის მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის შემთხვევაშიც უნდა არსებობდეს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების, შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობა. ამის საჭიროებას განაპირობებს ის გარემოება, რომ დისკრეციული უფლებამოსილების შეუმოწმებლობის შემთხვევაში შესაძლოა უფლებამოსილმა პირმა საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენოს ამომრჩეველთა უფლების საზიანოდ. კერძოდ, შესაძლოა არსებობდეს ოქმის შედგენისთვის საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა უფლებამოსილმა პირმა იმის გათვალისწინებით, რომ მისი გადაწყვეტილება არ იქნება შემოწმებული სასამართლოს მიერ, საკუთარი შეხედულებისამებრ არ შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი, რაც შეაფერხებს საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლენის შესაძლებლობას. ამგვარი სცენარის პირობებში, ვერც საია განახორციელებს საკუთარ ინტერესს - საარჩევნო პროცესზე განახორციელოს ეფექტური დაკვირვება და ვერც ამომრჩეველი ისარგებლებს ისეთი საარჩევნო სივრცით, სადაც შეძლებს ნების თავისუფლად გამოვლენას. 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge