საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, საზოგადოებრივ მაუწყებელში ვახო სანაიას საავტორო გადაცემების „რეპორტაჟი ვახო სანაიასთან ერთად“ და „ევროპული არჩევანის“ დახურვისა და ჟურნალისტების გათავისუფლების თაობაზე. ჟურნალისტის ვარაუდით, გადაცემის დახურვის მიზეზი გახდა მაუწყებლის ფორმატის შეცვლა - საზოგადოებრივიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურზე გადასვლა; ასევე, არჩევნების წინ გადაცემის ავტორის შეერთება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ სტუდენტურ აქციასთან. ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია ეკა ხოფერიას გადაცემის „აუდიტორია“ შეწყვეტის თაობაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია: უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება. უზრუნველყოს საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს შორის. უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
საზოგადოებრივი მაუწყებელის მიზანია საზოგადოებისათვის პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება. სამაუწყებლო პრიორიტეტებს მაუწყებელში განსაზღვრავს სამეურვეო საბჭო. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიცია კი ეწინააღმდეგება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ 2012 წლის 12 სექტემბერს #235 გადაწყვეტილებას. აღნიშნული დოკუმენტით გაცემულია რეკომენდაცია - „საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუები და პროექტები ხორციელდებოდეს ყოველდღიურად, სასურველია ერთსა და იმავე საეთერო ზოლში. შეიქმნას სპეციალური პროექტი ჟურნალისტური გამოძიების ფორმატში, სიხშირით - არანაკლებ 24 გადაცემა წელიწადში.“ აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეისათვის ვერ უზრუნველყოფს სათანადოდ დებატების ფორმატის მქონე თოქშოუების ყოველდღიურ მიწოდებას მაყურებლისთვის. თითქმის არ მოიძებნება გადაცემები, სადაც შესაძლებელია განსხვავებული პოზიციების, დაპირისპირებისა და დებატების მოსმენა. საკმაოდ მწირია პოლიტიკური თოქშოუები და საგამოძიებო სიუჟეტები, შესაბამისად, სათანადოდ ვერ სრულდება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მსგავს მოცემულობაში ლოგიკურია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა დებატების ფორმატის მქონე გადაცემების რიცხვის და ინტენსივობის გაზრდაზე აკეთებდეს აქცენტს, ვიდრე არსებული გადაცემების დახურვაზე.
გადაცემაში „რეპორტაჟი ვახო სანაიასთან ერთად“ შუქდებოდა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე საინტერესო მოვლენები და პროცესები. იმართებოდა დებატები და დისკუსიები სხვადასხვა საკითხზე, რის გამოც გადაცემა საზოგადოების ინტერესს იმსახურებდა. გადაცემა „ევროპული არჩევანი“ შეეხებოდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას და მის გავლენას საქართველოს მოქალაქეებზე. ვახო სანაიას ავტორობით მომზადებული გადაცემები თითქმის ერთადერთია, სადაც შესაძლებელია განსხვავებული პოზიციების მქონე პირებს შორის გამართული დებატების მოსმენა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე მრავალმხრივი დისკუსიის ხილვა. გადაცემა „აუდიტორიაში“ კი შემეცნებითი ხასიათის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხები შუქდებოდა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შენარჩუნებული იქნას აღნიშნული გადაცემები. მიგვაჩნია, რომ სოციალური და პოლიტიკური გადაცემების დახურვა მხოლოდ ნეგატიურ გავლენას იქონიებს აუდიტორიის დროულ და ყოველმხრივ ინფორმირებაზე საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. ასევე მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მოქმედება საზოგადოებრივ მაუწყებელს კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოთხოვნების შესრულებისგან.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge