1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის უფლებათა დაცვისთვის და ყოველწლიურად გვახსენებს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ბავშვები დგანან. ბავშვის უფლებების დაცვა სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით აღიარებული ვალდებულებაა და გულისხმობს როგორც ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების, ასევე უფლებათა დარღვევის თავიდან არიდებისა და პრევენციის ეფექტური მექანიზმების შექმნას.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიოში არაერთი ადამიანი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენა. მართალია, ბავშვები არ წარმოადგენენ აღნიშნული ინფექციით დაავადების თუ დაავადების მძიმე მიმდინარეობის მთავარ რისკ ფაქტორს, თუმცა პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ბავშვების არაერთ უფლებას.
პანდემიამ გავლენა იქონია ბავშვის განათლების უფლებაზე, მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში სკოლები დაიხურა ან/და გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. სკოლების დახურვის პირობებში ბავშვები რჩებიან განათლების მიღების გარეშე, ხოლო დისტანციური სწავლებისას არსებობს, როგორც ხარისხიანი განათლების მიღების პრობლემურობა, ისე მასზე ხელმისაწვდომობის საკითხი. ამასთანავე, მეტად პრობლემური საკითხია შშმ ბავშვისათვის განკუთვნილი პროგრამების/სერვისების დისტანციურ რეჟიმზე მიწოდება და მიწოდების შემთხვევაში სერვისის ეფექტიანობა.
პანდემიით გამოწვეული პრობლემები განსაკუთრებით შეეხო ქუჩაში მცხოვრებ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ხოლო საყოველთაო კარანტინის დროს ოჯახში ან/და ბავშვის მოვლის ცენტრებში დარჩენილი ბავშვების მიმართ გაიზარდა ძალადობის განხორციელების რისკები.
მისასალმებელია, რომ საქართველოში მოხდა დისტანციური სწავლების დანერგვა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ე.წ. ტელესკოლის პროგრამის შემუშავება. სამწუხაროდ, აღნიშნული ღონისძიებები ვერ ჩაანაცვლებს სკოლებს, მითუფრო იმ დროს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს მძიმე სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა და არ აქვს გაჯეტი ან/და ინტერნეტზე წვდომა, რომლის მეშვეობითაც ჩაერთვება გაკვეთილზე.
იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ბავშვის უფლებათა დაცვის კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო ბავშვთა ძალადობისგან დაცვის რეფერირების სისტემა კვლავ გაუმართავია, აღნიშნული უფრო მეტად ზრდის საფრთხეს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები ეფექტური რეაგირების გარეშე დარჩება. ყურადღებიდან არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ დღემდე ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემებად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ბავშვთა შრომა, ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციისა და ალტერნატიული ზრუნვის სისტემის გამართულობა, რაც მიმართული უნდა იყოს ბავშვის კეთილდღეობაზე.
წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შევაფასოთ საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის 20 სექტემბერს მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს კონვენციის „ბავშვის უფლებების შესახებ“ დადგენილი ბავშვის უფლებათა დაცვის სტანდარტების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციას და უფლებათა დაცვის სისტემის შექმნას. მიუხედავად პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებისა, 2020 წლის 1 ივნისისთვის ვერ მოხერხდა მისი ამოქმედება და ამოქმედების ვადამ 1 სექტემბრისთვის გადაიწია. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებას 2020 წლის 1 მარტამდე უნდა მიეღო და ჯერ არ მიუღია ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამები, როგორებიცაა, ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი, ბავშვის მიმართ ძალადობის რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია, სოციალური განვითარების ხელშემწყობი, ჯანმრთელობის დაცვისა და ოჯახში მხარდამჭერი პროგრამები. აღნიშნული კი ეფექტურობას უკარგავს ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილ ბავშვის დაცვის მექანიზმებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ბავშვის უფლებათა კოდექსში ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპების ასახვისა, როგორებიცაა ბავშვთან დაკავშირებულ პროცესსა და წარმოებაში მისი მონაწილეობისა და მოსმენის უზრუნველყოფა, კოდექსში სათანადოდ არ ასახულა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებები და კანონმდებლობა არ იძლება მკაფიო საპროცესო გარანტიებს. აღნიშნული კი საჭიროებს საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებებს. საგულისხმოა ისიც, რომ ბავშვის უფლებათა დაცვის კანონმდებლობა კვლავ არ ადგენს ბავშვის ინდივიდუალური შემფასებლის უფლებამოსილებებს და არ მიჯნავს მას ბავშვის საპროცესო წარმომადგენლისგან. აღნიშნული იწვევს სოციალური მუშაკის, როგორც ბავშვისა და მისი გარემოს ობიექტური შემფასებლის ფუნქციებში დამატებით ბავშვის წარმომადგენლობის შემოჭრას, რაც სოციალური მუშაკისთვის ინტერესთა კონფლიქტს იწვევს და ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაციას არ ემსახურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფომ:
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge