საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა სსიპ ,,იუსტიციის სახლის’’ ტყიბულის საზოგადოებრივ ცენტრიდან გათავისუფლებული პირის შრომით უფლებებს, რომელმაც შრომითი დავა სასამართლოში მოიგო.
მოსარჩელე 2005 წლიდან მუშაობდა ტყიბულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით, საზოგადოებრივი ცენტრები სერვისების განვითარების სააგენტოს დაქვემდებარებიდან გადავიდა იუსტიციის სახლის დაქვემდებარებაში და გახდა იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანო. აღნიშნული საფუძვლით, მოსარჩელე 2020 წლის 01 იანვრიდან დაინიშნა გამოსაცდელი ვადით სსიპ ,,იუსტიციის სახლის’’ ტყიბულის საზოგადოებრივ ცენტრში უფროსი სპეციალისტის (მენეჯერ-ოპერატორი) თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა გამოსაცდელი ვადით დანიშნული თანამშრომლის შეფასების ფორმის საფუძველზე.
საიას დახმარებით, მოსარჩელემ მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელესა და სსიპ იუსტიციის სახლს შორის წარმოშობილი ურთიერთობა აღიარებულ იქნა უვადოდ, განუსაზღვრელი ვადით დადებულად;
- გაბათილდა სსიპ ,,იუსტიციის სახლის'' აღმასრულებელი დირექტორის ბრძანება იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან პირველი სამი თვის გამოსაცდელ ვადად ჩათვლას;
- შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის მიერ მიღებული გამოსაცდელი ვადით დანიშნული თანამშრომლის შეფასების ფორმა;
- ასევე, გაბათილდა სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;
- მოსარჩელე აღდგა სსიპ იუსტიციის სახლის ტყიბულის საზოგადოებრივ ცენტრში უფროსი სპეციალისტის (მენეჯერ-ოპერატორის) პოზიციაზე;
- სსიპ იუსტიციის სახლს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 01 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე;
ასევე, დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა როგორც სააპელაციო, ასევე, საკასაციო სასამართლოში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge