საია-ს თბილისის ოფისი იცავდა პირს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ედავებოდა მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობაში, რაც გამოიხატა მისი არასრულწლოვანი შვილის მიერ ცივი იარაღის ტარებაში. კერძოდ, ადმინისტრაციულ პასუხისმგებაში მიცემული პირის შვილს, გაკვეთილის მსვლელობისას თანაკლასელმა ათხოვა კალამი, რომელსაც აღმოაჩნდა დანის ფუნქციაც. სწორედ ამ ნივთის ფლობა მიიჩნია პოლიციამ არასრულწლოვნის მიერ ცივი იარაღის ტარებად და სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა მშობლის მიმართ.
აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც საქმე გვაქვს შენიღბული სახის ცივ იარაღთან, ანუ თუ ნივთი არ არის გაშიშვლებული და მოქმედებისთვის მზადყოფნაში მოყვანილი, იგი საჭიროებს შესაბამის ცოდნას და აღქმას, რათა პირმა, რომელსაც იგი ხელში უჭირავს, მიიჩნიოს ნივთი ცივ იარაღად. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველგვარ სამართლებრივ აზრს მოკლებულია, არასრულწლოვანი პირისაგან მოთხოვნილი იქნეს შენიღბული, ატიპური ნივთის იდენტიფიცირება დანად.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სკოლას ბავშვი საკუთარი ავტონომიის რეჟიმში ჰყავს, რა დროსაც სკოლა ერთდროულად არის განათლების მიმცემი და ინფორმაციის მიმწოდებელი, ასევე, გარკვეული წვლილის შემტანი არასრულწლოვნის აღზრდაში და ასეთ დროს მშობელი ერთგვარად პასიურ მდგომარეობაში იმყოფება და მოკლებულია შესაძლებლობას, აკონტროლოს მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევებში.
საბოლოოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის მშობელს არ შეეძლო წინასწარ რაიმე ზომები მიეღო და შვილისათვის ესწავლებინა იმ ნივთების ამოცნობა, რომლებიც გარეგნული მახასიათებლებით აკრძალული ნივთის ნიშან-თვისებებს არ შეიცავს. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მშობელს ასეთ დროს არ შეიძლებოდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა და შეწყვიტა საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge