საიამ ე. წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული მასობრივი აქციის დროს უკანონოდ დაკავებული და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი, გიორგი მექვაბიშვილის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარედ გამართული აქცია, სახელმწიფომ საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალა. ასევე, აღსანიშნავია, რომ პოლიცია აქტიურად იყენებდა აქციის მონაწილეთა განურჩეველი დაკავების პრაქტიკას.
აქციის დაშლისას გიორგი მექვაბიშვილი, სხვა პირის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა სავარაუდო ძალადობრივ მოპყრობას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა, რომ არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე, რა დროსაც იგი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავა.
სამართალდამცავთა განმარტებით, მომჩივანი დააკავეს იმის გამო, რომ ის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი, იმის მიუხედავად რომ მომჩივანი ტროტუარზე გადაადგილდებოდა. მომჩივანმა 35 საათზე მეტი გაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო სახელმწიფოს არ დაუსაბუთებია დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზეზები. ამ საკითხით არც მოსამართლე დაინტერესდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას.
მომჩივანის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე განხორციელდა, რის შედეგადაც მას 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება შაბლონური სახისაა და არ ითვალისწინებს საქმის ინდივიდუალური გარემოებების სათანადო ანალიზს. მიუხედავად საქმეში არსებული არაერთი ხარვეზისა, ხსენებული დადგენილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.
საქმეში ნათლად გამოიკვეთა ქვეყანაში არსებული არაერთი სისტემური გამოწვევა, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის სამართლებრივი გარანტიების დაბალი სტანდარტი, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული შაბლონური/დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პრაქტიკა, დაუსაბუთებლად პირის დაკავება, რომლებიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განმტკიცებულ გარანტიებს.
მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის წარდგენილი საჩივარით ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს საიას მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი მეორე საჩივარია, რომელიც საქართველოში თვითნებური დაკავების პრაქტიკასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში სასამართლო კონტროლის გარანტიების ნაკლოვანებებს შეეხება.
ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge