ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 2023 წლის 1 ივლისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ სიუჟეტს[1], რომელშიც აღწერილია ქ. რუსთავში მდებარე მარტოხელა მოხუცთა პანსიონატში მომხდარი შესაძლო ძალადობისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები. ამასთან, გასულ მასალაში ნათლად ჩანს დაწესებულებაში არსებული მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა და ის პირობები, რომელშიც დაწესებულების ბენეფიციარ მოხუცებს უწევთ ცხოვრება.
სიუჟეტიდან დგინდება, რომ დაწესებულების ბენეფიციართა ნაწილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად მიმართოს საგამოძიებო უწყებებს მათ მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც, შესაძლოა, კიდევ უფრო ამძიმებდეს მოხუცების მდგომარეობას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ამახვილებს ყურადღებას სპეციალიზებულ დაწესებულებებში მოთავსებულ ხანდაზმულთა უფლებების სისტემური დარღვევის შემთხვევებსა და იქ არსებულ მძიმე პირობებზე. 2022 წლის 17 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ერთ-ერთ სათემო დაწესებულებაში ჩაატარა მონიტორინგი, რომელმაც აჩვენა, რომ იქ არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან. მსგავს შემთხვევებში, მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტომ მყისიერი რეაგირება მოახდინონ ზემოხსენებულ დარღვევებზე და დაუყოვნებლივ შეუქმნან დაწესებულებაში მყოფ ხანდაზმულებს ღირსეული პირობები.
სამწუხაროდ, ხანდახმული პირები ხშირად არც ოჯახში არიან დაცულები ძალადობისგან. კერძოდ, 2021 წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების მიხედვით, გამოვლინდა ძალადობის მსხვერპლი 361 ხანდაზმული კაცი და 873 ხანდაზმული ქალი. წლების განმავლობაში უცვლელი და სისტემური ხასიათის პრობლემები დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორიცაა თავად მსხვერპლთა მხრიდან ძალადობის ფაქტის აღქმა, შესაბამისი უწყებებისადმი დაბალი მიმართვიანობა, ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ფსიქოსოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამების არარსებობა. სახალხო დამცველის შეფასებით, პრობლემურია მათი ხანგრძლივად დაცვა ძალადობისგან და დახმარების სერვისების ამოქმედება. ოჯახში ძალადობის ფაქტების ზრდის ფონზე ძალზე მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საქართველოში მცხოვრები ხანდაზმულების მდგომარეობის შესწავლა - ძალადობის შემთხვევების დროული გამოვლენა და რეაგირება, ასევე მათი დეტალური ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მათ მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევაში.[2]
მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, მყისიერი რეაგირება მოახდინონ სიუჟეტში გასულ ფაქტებთან დაკავშირებით, მანდატის ფარგლებში ადგილზე გაეცნონ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას და დროული, ეფექტიანი რეაგირებით დაიცვან დაწესებულების ბენეფიციარები შესაძლო ძალადობისგან.
[1] “ვინ სცემს მოხუცებს თავშესაფარში - შემზარავი კადრები და ისტორიები” ტელეკომპანია პირველის ვებგვერდი, 01.07.2023, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3rebLJC , განახლებულია:02.07.2023.
[2] იხილეთ საიას კვლევა “ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში” გვ. 19-21, ხელმისაწვდომია: https://rb.gy/1sj6n განახლებულია: 02.07.2023.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge